ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემაში არ დაბრუნდებიან.
საქმე ისაა, რომ SWIFT-ის მარეგულირებელი ორგანო ევროკავშირის იურისდიქციაში მოქმედებს, ანუ საერთაშორისო სისტემაში რუსული ბანკების დასაბრუნებლად აუცილებელი იქნება, რომ ევროკავშირში ამის პოლიტიკური ნება არსებობდეს, რაც ამჟამად არ არის. უფრო მეტიც, ზოგიერთი სახელმწიფო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ინიციატივას, მათ შორისაა საფრანგეთი, რომელიც ამ ეტაპზე SWIFT-ში რუსული ბანკების დაბრუნებას გამორიცხავს.
SWIFT-ის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად კრემლმა სისტემაში Russian Agricultural Bank-ის დაბრუნება დააყენა, რომელიც აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო ბაზარზე რუსული სურსათით ვაჭრობის პროცესში.
მართალია, ამ ეტაპზე, ევროკავშირი SWIFT-თან დაკავშირებული სანქციების მოხსნაზე უარს აცხადებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკების პროცესში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩაერთოს და რუსეთ-უკრაინის შეთანხმების სანაცვლოდ, ევროკავშირს აღნიშნული შეზღუდვის გაუქმება აიძულოს.