საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ანდრეი კასიანოვმა დღეს ბრიფინგი გამართა და რუსეთის მიერ ქართული რძის ნაწარმისთვის სანქციების მოხსნის შესახებ ისაუბრა. კასიანოვის თქმით, დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მისაღები და ამომწურავია. დავითაშვილის განმარტებით რუსული სანქციის მოხსნაზე საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკება მხოლოდ 2020 წელს გაიმართა, ხოლო თავად თემა “ამოწურულია”.
აღნიშნულ თემაზე საუბრის შემდეგ, უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ქართულ ბიზნესს მიმართა და უთხრა, რომ რუსულ ბაზარზე მიღებული მოგება უკრაინელი მოქალაქეების სისხლით არის გაჟღენთილი.
“მინდა ხაზი გავუსვა ერთ საკითხს, მედიის მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებით რძის ნაწარმზე სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება საკუთარ განცხადებაში ამ ინფორმაციაზე. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს ქართველ პარტნიორებთან და მადლობლები ვართ იმ განმარტებისთვის, რომელიც დღეს ეკონომიკის მინისტრმა ბატონმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ ნებისმიერი სპეკულაციისგან. ასევე ხაზს ვუსვამ რუსულ კომპანიებთან ბიზნესის კეთების დაუშვებლობას, რაც რუსეთს დამატებით რესურსებს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ სისხლისმღვრელი ომის გასაგრძელებლად. მიღებული მოგება კი მოკლული უკრაინელი მოქალაქეების სისხლით არის გაჟღენთილი,”- განაცხადა კასიანოვმა.
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს რუსეთში რძის ნაწარმის ექსპორტთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:
“მე სრულად ვფლობ ინფორმაციას, რომელიც ეხება იმ გადაწყვეტილებას, რაც ეხება შემსუბუქებებს. საქართველოს მხრიდან,
განცხადება რამდენიმე კომპანიიდან რუსეთში გაგზავნილი იყო 2020 წელს. დღემდე კომუნიკაცია არ ყოფილა ამ საკითხზე. აჟიოტაჟი, რომელიც ამ საკითხზე წარმოიშვა იყო განპირობებული ინფორმაციის ნაკლებობით, ომის პირობებში საქართველოს დამატებით ამ საკითხზე არ მიუმართავს. ამ საკითხზე მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან, აინტერესებდათ ახალ ბაზარზე გასვლა. ცხოველური წარმოშობის სურსათ-პროდუქტებს სპეციალური რეგულაციები გააჩნია. ეს ინფორმაცია საქართველოდან გაგზავნილია 2020 წლიდან, პასუხი იყო ახლა, როცა რუსულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ განაცხადები, რომელიც მიიღო 2020 წელს, შეიძლებოდა დადებითი პასუხის გაცემა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, არ აინტერესებს ვინ, რას საუბრობს, ოფიციალური პირია ეს, თუ კერძო კომპანიის წარმომადგენელი, თემა დახურულია და სპეკულაციები საჭირო არ არის. „ჩავთვალოთ, რომ ეს თემა დახურულია“, - თქვა მინისტრმა.
უკრაინამ საქართველოდან ელჩი პირველ მარტს გაიწვია. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განმარტა ეს გადაწყვეტილება უკრაინაში მიმავალი ქართველი მოხალისეებისთვის გამგზავრების ხელშეშლასა და სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ “ამორალურ განცხადებებს” უკავშირდებოდა.




























