მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ენერგორესურსებისგან დამოუკიდებელი გავხდით - შოლცი

64071414b2bd9
მარიამ ვარადაშვილი
07.03.23 14:50
993
CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ენერგოკრიზისის პროგნოზების მიუხედავად, გერმანიაში ბუნებრივ გაზზე დეფიციტი არ არის და ქვეყანა არც რუსულ ენერგორესურსებზეა დამოკიდებული.

“ჩვენ დამოუკიდებლები ვართ რუსეთის ენერგორესურსებისგან კერძოდ, ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ქვანახშირისგან. ერთი წლის წინ ნამდვილად არავინ ელოდა, რომ ამ ვითარებიდან ეკონომიკური თვალსაზრისით მარტივად გამოვიდოდით, მაშინ როცა შეწყდებოდა გაზის მიწოდება გერმანიაში ან ევროპის დანარჩენ ნაწილში, თუმცა ჩვენ ეს გავაკეთეთ. გავზარდეთ LNG-ის იმპორტის შესაძლებლობები, ავაშენეთ ახალი ტერმინალები გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში. ასე რომ, ჩვენ ეს შევძელით და ის არ მოხდა, რასაც ზოგიერთი ელოდა. გერმანიაში ეკონომიკური კრიზისი არ არის, არ არის გაზის დეფიციტი ან მსგავსი რამ და სოციალური სტაბილურობაა", - განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, ქვეყანამ თავდაცვის ხარჯები გაზარდა და აპირებენ რომ თავდაცვაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 2% დაიხარჯოს. 2022 წლის მონაცემებით, გერმანიას ევროკავშირში თავდაცვაზე ისედაც ყველაზე მაღალი ხარჯები ჰქონდა გაწეული.

გერმანიას ევროპის ენერგოკრიზისი ყველაზე მეტად შეეხო და მოსალოდნელია, რომ გავლენა 2023 წელს უფრო თვალსაჩინო იქნება, რაც ეკონომიკის რეცესიას გამოიწვევს. უმთავრესად ენერგეტიკული კრიზისის გამო IMF-ის განახლებული პროგნოზით, 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდება. თუმცა, 2023 წლის იანვარში გერმანიის მთავრობამ პროგნოზი შეცვალა და განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ქვეყანა რეცესიას თავს აარიდებს. მთავრობის პროგნოზით, 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკა 0.2%-ით გაიზრდება, მაშინ როცა ოქტომბერში ეკონომიკის 0.4%-ით შემცირებას ვარაუდობდნენ.

წლის დასაწყისში გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა აღარ არის დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტზე.

"დიახ, რა თქმა უნდა, გერმანია კვლავ დამოკიდებულია ენერგიის იმპორტზე, მაგრამ ახლა ის აღარ არის დამოკიდებული რუსეთიდან იმპორტზე, არამედ - მსოფლიო ბაზრებზე", - თქვა ლინდნერმა.

ომამდე გერმანიას რუსეთიდან შემოჰქონდა მოხმარებული გაზის მოცულობის დაახლოებით ნახევარი და ნავთობის მესამედზე მეტი. თუმცა გასული წლის აგვისტოში რუსეთმა ქვეყანას გაზის მიწოდება შეუჩერა, მიმდინარე წლის იანვარში კი გერმანიამ რუსული ნავთობის იმპორტი შეწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები