მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[რუსული კანონი] გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისთვის" – რობერტ ამსტერდამი

რობერტ ამსტერდამი

„მე რუსეთშიც ვაპროტესტებდი რუსულ კანონს და ახლაც, ამ დოკუმენტიდანაც [ე.წ. White Paper, რომელიც ინგლისურად კვირის დასაწყისში გამოქვეყნდა] ნათლად შეიძლება იმის დანახვა, თუ როგორ შემოიკრიბა ივანიშვილმა თავის გარშემო ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ მას დამოუკიდებელი ანალიზი და რჩევა შესთავაზონ და ყველანი მასზე არიან დამოკიდებულები ფინანსურად. იგივე – რასაც რუსეთში ვხედავთ, პუტინის მაგალითზე“ – უთხრა რობერტ ამსტერდამმა, ამერიკელმა იურისტმა „ანალიტიკა“–ს ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გადაცემის ავტორის კითხვაზე – რუსულია თუ არა ეს კანონი – რობერტ ამსტერდამის პასუხია, რომ რუსულია.

„ეს არის კანონი მიტაცებულ სახელმწიფოში, რომელიც გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისთვის. ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება მიტაცებული სასამართლოების შემთხვევაში. კანონი ვერ იარსებებს იზოლირებულად იმ სისტემისგან, რომელიც უკიდურესად მოშლილია. ასეთი მდგომარეობაა დღეს საქართველოში. სისტემა ივანიშვილამდეც მოშლილი იყო – ესეც უნდა ითქვას, მაგრამ ახლა ეს ტემპი აჩქარდა ერთი კაცის მმართველობის პირობებში. მის მიერ ძალაუფლების განახლება ძალიან მნიშვნელოვანია – ეს დაგეგმილი ნაბიჯებია, გეგმის ნაწილია“ – ამბობს რობერტ ამსტერდამი.ამერიკელი იურისტის თქმით, მთავარი კითხვა დღეს ასეთია – რა როლი აქვს ამ ყველაფერში რუსეთს?

„ივანიშვილის ნაბიჯები დაპროგრამებულს ჰგავს. ძალიან თანმიმდევრულია იმ პარანოიისა, რომელსაც კრემლის შემთხვევაშიც ვაკვირდებით. უფრო მილიტარისტულია. მჭიდრო კავშირშია კრემლის აქტივობებთან მოლდოვაში, უკრაინაში, ყირგიზეთში. უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ საქართველო“ – ამბობს რობერტ ამსტერდამი „ანალიტიკა“–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. რობერტ ამსტერდამი საერთაშორისო იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners-ის მმართველი პარტნიორია.

2003 წელს რობერტ ამსტერდამი იმ დროს რუსეთში ყველაზე მდიდარი ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის უფლებადამცველი გახდა. ხოდორკოვსკი კომპანია იუკოსის საქმეზე დააკავეს მას შემდეგ, რაც მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაპირისპირება მოხდა.

ხოდორკოვსკის წინააღმდეგ საქმე თაღლითობის და გადასახადებისგან თავის არიდების მუხლებით იყო აღძრული. სასამართლოს მეშვეობით, ის პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა, რუსეთის მთავრობამ კი მისი 21 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობკომპანია Yukos-ის ექსპროპრიაცია მოახდინა.

რობერტ ამსტერდამის როლი ხოდორკოვსკის პროცესში მოიცავდა ექსპერტებისა და იურისტების მრავალეროვნული გუნდის დაქირავებას და ზედამხედველობას, რომლებსაც დაევალათ სახელმწიფო ბრალდების გაქარწყლება, მთავრობის მიერ იუკოსის ექსპროპრიაციის შეტრიალება და ხოდორკოვსკის ციხიდან გათავისუფლება. ამსტერდამმა და საერთაშორისო იურიდიულმა გუნდმა აღნიშნულ პერიოდში შეიმუშავეს საჯაროობის სტრატეგია, რათა საჯაროდ დაენახვებინათ ბრალდების აბსურდულობა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მოეხდინათ ლობირება ბიზნესმენის გათავისუფლებისთვის.

პირველი სასამართლო პროცესის განმავლობაში, ამსტერდამი რეგულარულად გამოდიოდა რუსულ და საერთაშორისო ტელევიზიებში, სადაც მან მკაცრად დაგმო რუსეთის ხელისუფლების უკანონო ქმედებები, რასაც მოჰყვა თავად ამსტერდამის დაკავება რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ და იძულებითი გაძევება ქვეყნიდან 2005 წელს. მომხდარის შემდეგ ამსტერდამმა განაგრძო ხოდორკოვსკის დაცვა საზღვარგარეთიდან. ფირმა ასევე პასუხისმგებელი იყო ხოდორკოვსკის და იუკოსის აქციონერების სახელით რამდენიმე სამართალწარმოების წარმართვაზე ევროპის როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ასევე ევროპის ენერგეტიკული ქარტიის არბიტრაჟში.საბოლოოდ, მიხაილ ხოდორკოვსკი 2013 წელს გაათავისუფლეს. 2021 წელს კი მან რუსეთის ფედერაციას იუკოსის საქმეზე $50-მილიარდიანი საარბიტრაჟო დავა მოუგო.

დღეს რობერტ ამსტერდამი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დავაში თანაინვესტირების ფონდის ყოფილ CEO-ს გიორგი ბაჩიაშვილს იცავს. 2023 წლის ზაფხულში ივანიშვილის ჩვენების საფუძველზე გიორგი ბაჩიაშვილს თაღლითობისთვის ბრალი წარუდგინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები