მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონი" პარტნიორებში საკმაოდ სერიოზულ კითხვებს აჩენს - "ფაფრის ველი"

შალვა ქურდაძე

ბიო-ორგანული მევენახეობა - მეღვინეობა "ფაფრის ველის“ დამფუძნებლის შალვა ქურდაძის განცხადებით, „რუსული კანონი“ პარტნიორებში საკმაოდ სერიოზულ კითხვებს აჩენს.

ამის შესახებ ბიო-ორგანული ღვინის მწარმოებელმა, რომელიც ექსპორტს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

შალვა ქურდაძის თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ წელს კარგ მოსავალს ელოდებიან და ექსპორტის გეოგრაფიაც გაზარდეს, ე.წ. „რუსული კანონმა“ გაურკვევლობა გაზარდა, რამაც ბიზნეს-გეგმები დააკორექტირა.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, ან ახალ ვენახს ვყიდულობდით ან ცარიელს მიწას, სადაც ჩვენ თვითონ ვაშენებდით ვენახს, მაგრამ 2024 იყო პირველი წელი, როდესაც არც მიწის შესყიდვაზე გვიფიქრია და არც ახალი ვენახის გაშენებაზე. ალბათ ე.წ. დაკონსერვების პროცესი შემდეგ წელსაც გაგრძელდება, რადგან წინ დიდი გაურკვევლობა გველოდება.

მიუხედავად იმისა, რომ კარგი წელია მოსავლის თვალსაზრისითაც და ექსპორტის მიმართულებითაც რამდენიმე ახალი ქვეყანა დაგვემატა, როცა წინ გაურკვევლობაა, ბიზნესისთვის ეს ძალიან ცუდია. გაურკვევლობაში მკვეთრი მოძრაობების გაკეთებას ყველა ბიზნესი ერიდება. რა თქმა უნდა, ჩვენც ფრთხილად ვართ“, - განაცხადა შალვა ქურდაძემ.

„სიმართლე გითხრათ, მეშინია ამ გზის გაკეთების - აგენტობა არ დამაბრალონ“, - აღნიშნა „წერტილთან“ ინტერვიუში „ფაფრის ველის“ დამფუძნებელმა „რუსული კანონის“ სხვა ნეგატიურ გავლენებზე საუბრისას.

საქმე ის არის, რომ როგორც შალვა ქურდაძემ მოყვა, სოფელ ახაშენში, „ფაფრის ველის“ მევენახეობა-მეღვინეობამდე მისასვლელი, დაახლოებით, 1-კმ-იანი გზის რეაბილიტაციის იმედი ერთ-ერთი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციისგან ჰქონდათ, მაგრამ ახლა ეეჭვება, რომ ეს პრობლემა დონორის დახმარებით მაინც მოგვარდეს.

„სახელმწიფო გზას არ გვიკეთებს... ვართ ასე უგზოდ; ყოფილა შემთხვევები, წვიმიან ამინდში, როცა ექსპორტზე ვუშვებთ ღვინოს, ტრანსპორტი ვერ შემოსულა და ერთი-ორჯერ ამის გამო ექსპორტი გადაგვედო. არ შეგვწევს ძალა, რომ ჩვენი რესურსით გავაკეთოთ ეს გზა და ვართ ასე უგზოდ. დაპირებების გარდა, სახელმწიფოსგან არაფერი ისმის“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები