შვიდი ოპოზიციური პარტია "ოცნების" მიერ პარლამენტში, "რუსული კანონის" ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის საქართველოს მოქალაქეებისა და სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის კიდევ ერთხელ გატეხა და იმ ახალგაზრდების აბუჩად აგდება, რომლებმაც ერთი წლის წინ დაიცვეს ქვეყნის ისტორიული არჩევანი და საქართველოს შეუნარჩუნეს შანსი გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
"დღეს, ქართული ოცნების ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ძალაუფლებისა და ანტისახელმწიფოებრივი, კორუფციული ქმედებებით მოხვეჭილი ქონების შენარჩუნება. მაშინ როდესაც ხელისუფლება თავად იქცა სიღარიბის, კორუფციის, ფასების კატასტროფული ზრდის და ქვეყნიდან მოქალაქეების გადინების მთავარ მიზეზად, ივანიშვილი ცდილობს პუტინის სტილში ჩაახშოს კრიტიკული ხმა და მოგუდოს თავისუფალი საზოგადოება. მმართველი ძალა სრულად დაიცალა ევროპული ღირებულებებისა და პრინციპებისგან.
ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიციირებული რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ასცდება ევროპულ გზას და საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის ევროკავშირის წევრობით გარანტირებული უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის კარი კიდევ დიდი ხნით დაიკეტება.
ახლა, როგორც არასდროს, ამ ისტორიულ მომენტში, ცვლილება უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანის უმთავრეს პრიორიტეტად. ცვლილება, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ მმართველობას და გახდება საქართველოს ევროპის ოჯახში დაბრუნების გარანტია", - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ პარტიები: “ახალი”, “გირჩი - მეტი თავისუფლება”, “დროა”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო საქართველოსთვის”, “რესპუბლიკური პარტია” და “სტრატეგია აღმაშენებელი”.