მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული კანონი თუ მიიღეს, უცხოური ძალის გამტარად "ქართუც" უნდა დარეგისტრირდეს - იურისტი

ლევან ალაფიშვილი

იურისტ ლევან ალაფიშვილს არ სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „რუსული კანონის“ მიზანი არასამთავრობო სექტორის მიერ მიღებული გრანტების წყაროების და ხარჯვის გამჭვირვალობაა.

როგორც იურისტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, მმართველი ძალის კანონპროექტის მიზანი რომ გამჭვირვალობა იყოს, ორგანიზაციების „უცხოური ძალის გავლენის გამტარებელი ორგანიზაციის“ რეესტრში რეგისტრაციას არ მოსთხოვდნენ.

"გამჭვირვალობა რომ იყოს პრობლემა, ამ თემაზე დღეს არა - პარლამენტარები, არამედ მთავრობის წევრები ისაუბრებდნენ. ამდენად, პარლამენტარებმა საკუთარ მთავრობასვე ჰკითხონ, თუ არსებობს გამჭვირვალობის პრობლემა და როგორ გადაწყვიტონ ის.

თუკი საქველმოქმედო ორგანიზაციების შემთხვევაში, უწყინარი ტერმინი მოიფიქრეს - საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრი, რომელიც შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზეა, სადაც ორგანიზაციები ყოველწლიურად ანგარიშებს ტვირთავენ, ამ შემთხვევაში რატომ ვერ მოიფიქრეს ნეიტრალური ტერმინი? შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ წინასაარჩევნოდ იარლიყები არიგონ?! სამწუხაროდ, ნამდვილი მიზანი ეს არის“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

იურისტი ვარაუდობს, რომ მმართველი ძალა ამ კანონს არ მიიღებს, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, „ბომბი აიფეთქონ“.

„ეს <რუსული კანონი> თუ მიიღეს, უცხოური ძალის გავლენის გამტარებელ ორგანიზაციად ერთ-ერთი პირველი ვინ უნდა დარეგისტრირდეს იცით? - საქცელმოქმედო ფონდი „ქართუ“, ასოციაცია „ატუ“, საპატრიარქოს სხვადასხვა ფონდი, „ობიექტივი“ და ა.შ. ასე რომ, ისეთ ბომბს აიფეთქებენ საკუთარსავე ველზე, არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით შორს წავიდნენ და კანონი მიიღონ; მათი პოლიტიკური დღის წესრიგი არ მაინეტერესებს, მაგრამ სახელმწიფოს ინეტერესები ნამდვილად მაინტერესებს“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა თითქმის 11 საათის განმავლობაში, ხმაურის და პროტესტის ფონზე ჩატარდა. „რუსულ კანონს“ პირველი მოსმენით, პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები