სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ „რუსული კანონი“ იუსტიციის სამინისტროს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას ყველას აკისრებს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, ამ ფართო გაგებით, კანონი ეხება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს და მათ შორის კომერციულ ბანკებს.
მან იმ რისკებზე ისაუბრა, რაც „რუსული კანონით“ გათვალისწინებულ ამ მოთხოვნას ახლავს თან.
„როდესაც სხვადასხვა სამართლებრივი აქტები ერთმანეთს ეწინააღმდეგება აქ უყურებენ ხოლმე თუ რამდენად სპეციფიკურია კონკრეტული აქტი, ასევე, რამდენად გვიან ან ადრე არის მიღებული ესა თუ ის აქტი და რომელია უპირატესი. თუ შევხედავთ კანონმდებელმა როგორ ჩაწერა ამ პრობლემურ კანონში ეს მოთხოვნა, ყველას ეხება. კანონმდებელმა იმგვარად ჩაწერა, რომ ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, თუ იუსტიციის სამინისტრო მიმართავს ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, აქვს ვალდებულება მიაწოდოს ინფორმაცია. ამ კანონიდან ეს ვალდებულება ასე იკითხება, თუმცა როგორც აღვნიშნე, თუ სხვა კანონი ეწინააღმდეგება ამას, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი უწყებები ამაზე ალბათ უკვე სასამართლოში იქნება დავა საჭირო, თუ გაასაჩივრებს მაგალითად ბანკი, საინტერესო იქნება ამაზე გადაწყვეტილება. ეს კაზუსიც აჩვენებს, რომ ეს კანონი იმდენად ფორსირებულად, დაუფიქრებლად იქნა მიღებული, რომ ბევრი საჯარო და კერძო ინტერესი დააზიანა.
მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს დააინტერესა ვიღაცის ხელფასმა ან ეჭვი შეეპარა კონკრეტულ ტრანზაქციაში, რაც ორგანიზაციამ დაადეკლარირა, შეუძლია მათ შორის ფიზიკურ პირს მიმართოს ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით და თუ არ მიაწვდის ამ ინფორმაციას, 5 000 ლარით დაჯარიმდება. ეს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ ფართო გაგებით, ყველას გვეხება, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეიძლება შეეხოს თუ იუსტიციის სამინისტროს მიერ ინფორმაციის გამოთხოვა გახდა საჭირო, არც ბანკებია გამონაკლისი. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა“,- განმარტა ლევან ნატროშვილმა.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მოთხოვნილ დეკლარაციაში ორგანიზაციებს ისეთი ინფორმაციის მითითება მოუწევთ, რაც ხშირად კომერციული საიდუმლოებაა ან პერსონალური მონაცემების სტანდარტი იცავს.
„დადგენილია იუსტიციის სამინისტროს მხრიდან კანონქვემდებარე აქტით, როგორი უნდა იყოს წლიური ფინანსური დეკლარაცია, რომელიც უნდა წარადგინოს ორგანიზაციამ და იქ იმდენად დიდი მოცულობის ინფორმაციას ითხოვენ, რომ პირადი, ფინანსური ინფორმაცია, საბანკო ანგარიში, ხელფასის, ტრანზაქციის ოდენობა და ა.შ. საჯარო გახდება. სახალხო დამცველმა მიმართა წერილით იუსტიციის მინისტრს, რომ ხედავს სერიოზულ პრობლემებს ამ დეკლარაციის შინაარსში, რადგან ფაქტობრივად ორგანიზაციებს სთხოვენ, რომ ყველა ტრანზაქცია, რაც წლის განმავლობაში ჰქონია, შემოსავალია ეს თუ ხარჯი, დეტალურად გაწეროს, ვის რამდენი ხელფასი გადაუხადა თავისი პირადი ნორმებით, თუ სერვისი შეიძინა, ვისგან და რამდენი გადაიხადა. ანუ ეს ინფორმაცია კომერციული საიდუმლოება რომ არის ხშირად და პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტი იცავს, ყველაფერი საჯარო გახდება. ამ მიმართულებითაც ძალიან საგანგაშოა, რაც ბევრს არ აქვს გააზრებული, რომ ყველას შეიძლება შეეხოს ეს კანონი“, - ამბობს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
მისივე განმარტებით, „რუსულ კანონს“ არა მხოლოდ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონთან და "კომერციული ბანკების შესახებ" კანონთან აქვს პრობლემა, არამედ პირდაპირ აქვს პრობლემა საქართველოს კონსტიტუციასთან.
„[ე.წ. რუსული კანონი] ძალიან უხეშად ხელყოფს ადამიანის ძირითად უფლებებს. მოგეხსენებათ, სწორედ ამიტომ ვდავობთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ კონსტიტუციაში არსებულ ძალიან ბევრ მუხლს ეხება და არღვევს ეს კანონი, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებებს, რაც აბსოლუტური კატასტროფაა“,- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით შეეხება "რუსული კანონი" კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა არაერთგვაროვანი განცხადებები გააკეთეს. კერძოდ, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ "რუსულ კანონს" საფინანსო სექტორთან და კონფიდენციალობასთან შეხება არ აქვს. მისი თქმით, საბანკო კონფიდენციალურობა დაცული სპეციალური კანონმდებლობით არის დაცული. ამის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ კანონი ბანკებს საჯარო რეესტრის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, საბანკო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას აკისრებს.
რა ნაწილში შეეხება "რუსული კანონი" ბანკებს და რა ინფორმაციის გაცემა მოუწევს სექტორს - ეს კითხვები BMG-მ "ქართული ოცნების" წევრებს დაუსვა, თუმცა მათმა ნაწილმა კომენტარისგან თავი შეიკავა, ნაწილის პასუხი კი ისევ კითხვებს ტოვებს.