"რუსული კანონის მიღების შემდეგ ორგანიზაცია 8 თანამშრომელმა დატოვა" - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი დავითურმა განაცხადა.
დავითური ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონით სანქცირების მექანიზმი ძალაში არ არის კანონის რეპრესიული მექანიზმები და მათი უარყოფითი ეფექტი უკვე მუშაობს.
სასამართლოში შესულია ოთხი სარჩელი:
- პრეზიდენტი;
- 122 მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაცია;
- 38 ოპოზიციონერი დეპუტატი;
- ორი მედიაორგანიზაცია: „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“).
„ყველამ იცის, რომ სამინისტროს [იუსტიციის სამინისტრო] აქვს უფლება ჩვენზე მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია. მივცემთ თუ არა ინფორმაციას, ეს ცალკე საკითხია. ის [თანამშრომელი] შეიძლება გვენდობოდეს, რომ ჩვენ დავიხოცებით და მის უფლებას დავიცავთ, მაგრამ შეიძლება ასე არ გვენდობოდეს.
მეორე ნაწილი ე.წ. რეკრუტირების ნაწილი, პერსონალური წნეხი ადამიანებზე, რომლებიც ორგანიზაციებში მუშაობენ. IDFI-ს, მაგალითად, მიმდინარე რისკებიდან გამომდინარე და ბევრი საკითხიდან გამომდინარე მოუწია (20 კაციანი ორგანიზაცია ვიყავით) 8 კაცის დათხოვნა სამსახურიდან.
თანამშრომლების დათხოვნა მოგვიწია ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. რიგ შემთხვევაში, თანამშრომელს როცა ავუხსენით რისკები, შეიძლება არ იყოს მისთვის მისაღები ეს რისკები; მარტივად, შეიძლება მივიდნენ და 5000ლარით დააჯარიმონ, მათ შორის მოითხოვონ მისგან, როგორც თანამშრომლისგან, სპეციფიკური ინფორმაცია ორგანიზაციაზე. მაგალითად, იყო გარკვეული პროექტის კოორდინატორი, იყო ფინანსური მენეჯერი.
ვიღაცას დიაბეტი ჰქონდა და ობიექტზე რომ დახვდა [მადისკრედიტებელი წარწერები], ვერ დავიცავთ [სტრესისგან]. დამსაქმებლები ვართ, ხომ? ჩვენ გვევალება დასაქმებულთა უფლებების დაცვა. შრომითი უსაფრთხოება უნდა დავიცვა სამსახურის ადგილზე. როცა შემოდის სადარბაზოში დილას და ხვდება ეს რაღაცები [მადისკრედიტებელი წარწერები] … ჩვენც ვალდებულები ვართ, უნდა ავუხსნათ რისკი. ყველა იღებს თავის გადაწყვეტილებას. შრომითი კანინმდებლობის სრული დაცვით და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნაწილი თვითონ წავიდა, ნაწილი დავითხოვეთ. ეს არი ერთი მაგალითი მხოლოდ”“,- განაცხადა დავითურმა.
მოსამართლის ჩაკითხვაზე, თანამშრომლების დათხოვნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ მოუწია თუ არა, დავითურმა უპასუხა: „ნაწილი თვითონ წავიდა. კი ამ კანონის მიღების შემდეგ“.