მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსული კანონის” მიზანს თავისუფალი სიტყვის ჩახშობა წარმოადგენს… არ დავუშვებთ - ონლაინ მედია

ონლაინ მედია
03.04.24 18:33
358

ონლაინ მედიებმა ქართული ოცნების მიერ პარლამენტში რუსული კანონის დაბრუნების შესახებ ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს. მედია ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ამ კანონის მიზანს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა წარმოადგენს. მედიები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ თავისუფლებაზე თავდასხმა შეწყვიტონ.

"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მწვავე სახალხო პროტესტის შედეგად ერთი წლის წინ ჩაგდებული რუსული კანონი, წინასაარჩევნოდ უკან დააბრუნა.

რუსული კანონის მთავარი მიზანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების განადგურება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ტოტალური კონტროლის დამყარება საზოგადოებრივ აზრზე, იმ მედიის გაქრობა, რომელიც ხელისუფლებას ამხელს კორუფციაში, ნეპოტიზმში, სიღატაკეში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, დაპირებების შეუსრულებლობაში.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონი გარიყავს ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახისგან, ასამარებს დასავლურ მომავალს;

რუსული კანონმა რუსეთში გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჩაახშო კრიტიკული აზრი, რუსი ჟურნალისტები და აქტივისტები დააპატიმრეს, მოკლეს და ვინც ცოცხალი დარჩა, განდევნეს. რეჟიმის წინაშე რუსეთში საზოგადოება დარჩა სრულიად დაუცველი.

ჩვენ არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას, ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას და მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ „შეწყვიტოს თავისუფლებაზე თავდასხმა,"- ნათქვამია ონლაინ მედიების მიმართვაში.

შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ დღეს დააანონსა რომ "რუსულ კანონს" თავიდან დააინიცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები