აშშ-ის მიერ სირიისთვის მოხსნილ სანქციებში რუსული კომპანიები და ბანკებიც მოხვდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიისთვის სანქციების მოხსნის დოკუმენტს 30 ივნისს მოაწერა ხელი.
სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, სანქციები მოეხსნა TEMPBANK-ს, RFK-BANK-ს, Russian Financial Alliance Bank-ს; რუსულ სახელმწიფო კომპანია Rosoboronexport-ს, რომელიც სამხედრო პროდუქტების ექსპორტით არის დაკავებული, ასევე, МАРИТАЙМ АССИСТАНС-ს, STG Logistic-ს, Global Vision Group-ს; Global Concepts Group-ს და სხვა კომპანიებს.
აშშ-მა სანქციები შეუნარჩუნა სირიის ყოფილი პრეზიდენტს ბაშარ ასადს, მისი ოჯახის წევრებისა და რეჟიმის მომხრეებს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა 13 მაისს განაცხადა, რომ სირიის ახალი მთავრობის წინააღმდეგ სანქციებს მოხსნიდა და დამასკოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას შეეცდებოდა. 14 მაისს ტრამპი საუდის არაბეთში შეხვდა სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასაც, რომელმაც გასულ წელს ასადის რეჟიმი დაამხო.
თეთრი სახლის განმარტებით, სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება სირიას განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის და თანამედროვე სახელმწიფოდ ტრანსფორმირების საშუალებას მისცემს, რაც სარგებელს მოუტანს, როგორც ქვეყანას, ასევე ახლო აღმოსავლეთის რეგიონს.




























