ევროკავშირის ხელმძღვანელობის განცხადებით, ახალი კვლევითი ანგარიშიდან ირკვევა, რომ რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ყველაზე დიდი წყარო სოციალური ქსელი X/Twitter-ია, რომელიც ილონ მასკს ეკუთვნის.
როგორც ჩანს, კრემლის პროპაგანდა განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა და მას შემდეგ ფაქტობრივად ყველა სოციალური ქსელი და საკომუნიკაციო პლატფორმა მოიცვა.
კრემლის პროპაგანდას ეწევიან როგორც სამთავრობო არხები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ასევე ინფლუენსერები და ჩვეულებრივი მომხმარებლები. დეზინფორმაციის ყველაზე დიდი წილი, ტრადიციულად, ტროლებსა და ბოტებზე მოდის, ანუ ცენტრალურად მართულ ცრუ ანგარიშებზე, რომლებიც რეალურ პიროვნებებს არ წარმოადგენენ.
ანალიტიკური ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად ცდილობენ Facebook-ის, Instagram-ის და Google-ის ხელმძღვანელები, თუმცა X-ის შემთხვევაში ვითარება დრამატულად განსხვავებულია. Twitter-ის მმართველობაში ილონ მასკის მოსვლის შემდეგ, სოციალურმა ქსელმა ცენზურა ფაქტობრივად სრულად გააუქმა, კონტენტის მოდერაცია კი შეწყდა, ამ ყველაფრის შემდეგ, Twitter-ზე გავრცელებული დეზინფორმაციის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა.
კვლევითი ანგარიშის გავრცელების ფონზე, ევროკავშირის ხელმძღვანელობა იმუქრება, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ადეკვატური ზომების მიუღებლობის შემთხვევაში სოციალური ქსელების, მათ შორის, X-ის პასუხისგების საკითხიც აუცილებლად დადგება.