რუსული ავიაკომპანია Red Wings Airlines საქართველოში ფრენებს აახლებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„საქართველოსთან ავიამიმოსვლა განახლდება. ახალი პროგრამით პირველი ფრენა ქუთაისის მიმართულებით შესრულდება. ფრენები იქნება თბილისის მიმართულებითაც“, - განაცხადა ურალის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ მალცევმა პრესკონფერენციაზე.
ეკატერინბურგის აეროპორტის განრიგის მიხედვით, რეისები 31 ოქტომბრიდან სამშაბათსა და კვირას ფრენები ქუთაისში, ხოლო 2 ნოემბრიდან ხუთშაბათსა და კვირას თბილისის მიმართულებით შესრულდება. დღეისთვის ეკატერინბურგის აეროპორტიდან საქართველოში ფრენები არ სრულდება.
აეროპორტის პრესსამსახურში „ინტერფაქსს“ განუცხადეს, რომ ეკატერინბურგიდან საქართველოში რეგულარული ფრენები 2019 წლის ივლისის შემდეგ არ შესრულებულა.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, ავიაკომპანია Red Wings-ი 3 ნოემბრიდან მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს. ფრენები „დომოდედოვოდან“ კვირაში სამი სიხშირით განხორციელდება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მიმდინარე წლის 25 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან ავიაკომპანია Red Wings-ი ჟუკოვსკი - თბილისი - ჟუკოვსკის საჰაერო ხაზზე კვირაში ხუთი სიხშირით იფრენს. ავიაკომპანია გააგრძელებს ასევე ოპერირებას მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის მიმართულებით კვირაში 6 სიხშირით. აღნიშნული ავიაკომპანია, ისევე როგორც Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.
BM.GE-მ Red Wings-ის სიხშირეების შესახებ ავიაციის სამოქალაქო სააგენტოს მიმართა, მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.