რუსეთის ფედერაციის ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს. ამჟამად ერთი დოლარის გაცვლითი კურსი 93 რუბლს შეადგენს, ნაცვლად თვის დასაწყისში დაფიქსირებული 102 რუბლისა, ანუ საქმე გვაქვს თითქმის 9%-იან კორექციასთან.
რუსული რუბლის გამყარებას არაერთი მიზეზი განაპირობებს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ენერგორესურსების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებია. უკვე თითქმის ერთი თვეა, რაც ბარელი Urals-ის ფასი 75-80 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტთან შედარებით გაცილებით მაღალი მაჩვენებელია.
ნავთობის ძვირად გაყიდვით რუსეთის ხელისუფლება საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას ახერხებს, გარდა ამისა, ენერგეტიკული კომპანიები ვალდებულნი არიან, უცხოურ ვალუტაში მიღებული შემოსავლები ეროვნულ ვალუტაზე გადაცვალონ, რაც რუბლის ხელოვნურად გამყარებას უწყობს ხელს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამკაცრებული კაპიტალის კონტროლია, რომელიც ორი კვირის წინ ამოქმედდა. ახლა უკვე დიდი მოცულობით რუბლის გადასახურდავებლად მარეგულირებლისგან ნებართვის მიღება არის საჭირო.
გარდა ამისა, კომპანიებს გაუჩნდათ ვალდებულება, რომ დოლარსა და ევროში მიღებული შემოსავლები რუბლში გადაცვალონ, რაც რუსეთის ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ კვირას რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 200 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ცვლილების შედეგად, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთმა 15%-იან ნიშნულს მიაღწია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ წინა თვეს ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 100 საბაზო პუნქტით გაზრდა, ასეთი მკვეთრი ინტერვენციების მიზეზი კი რუბლის მკვეთრი გაუფასურება იყო.
შეგახსენებთ, რომ ივლისამდე რეფინანსირების განაკვეთი 7.5% იყო, თუმცა მას შემდეგ ეროვნული ბანკი გამკაცრების პოლიტიკაზე გადაერთო.