დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა, რიჩარდ ნაიტონი რუსეთის მომავალ საფრთხესა და სახელმწიფოს მზადყოფნაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ქვეყანა შესაძლო საფრთხისადმი საკმარისად მზად არ არის და საჭირო დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
ნაიტონმა აღნიშნა, რომ თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად არამარტო სამხედრო ინდუსტრიის მეტი გააქტიურება, მოსახლეობის შემზადებაცაა საჭირო. შეიარაღებული ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ ყველა ევროპელმა მოკავშირემ, რომელიც რუსეთისაგან მომავალ საფრთხეს გრძნობს, უკვე დაიწყო თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა და სავალდებულო სამხედრო სამსახურიც გარკვეული ფორმით აღადგინა.
მან განმარტა, რომ ევროპასთან სახმელეთო საზღვრის არქონა ქვეყანას შესაძლო საფრთხეებისაგან არ ათავისუფლებს და მეტი ნაბიჯებია გადასადგმელი. მათ შორის, საზოგადოებრივი ცნობიერება კიდევ უფრო ამაღლება, რათა მოქალაქეებს ვითარების სიმძიმე ესმოდეთ.
ნაიტონმა თქვა, რომ რუსეთის მიზანი ბრიტანეთის მოკავშირე ევროპული სახელმწიფოების დასუსტება, შემდგომ ეტაპზე კი NATO-ს განადგურებაა, ეს კი ყველაზე მეტად სწორედ გაერთიანებული სამეფოსთვის ქმნის რისკებს. შეიარაღებული ძალების მეთაურმა მკაფიოდ განმარტა, რომ ქვეყნის მიზანი ახალი ომის დაწყება კი არა, შესაძლო კონფლიქტების თავიდან არიდებაა, თუმცა ეს მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით უნდა მოხდეს. მისი თქმით, უნდა გაფართოვდეს რეგულარული არმია და რეზერვი, ასევე დაინერგოს მეტი თანამედროვე ტექნოლოგია.




























