კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) სომხეთის გამოსვლის ფონზე, საფრანგეთის მთავრობა ნიკოლ ფაშინიანის გუნდს ნდობას უცხადებს და თანამშრომლობას აანონსებს.
ცოტა ხნის წინ, ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ, სადაც სომხეთის მხრიდან ფრანგული წარმოების იარაღის შესყიდვაზე შეთანხმება იქნა მიღწეული.
როგორც ცნობილია, სომხეთი შეისყიდის ფრანგულ ცეცხლსასროლ იარაღს, ღამის ხედვის სათვალეებს და ასევე არსებობს იმის შანსი, რომ ქვეყანამ მოკლე მანძილის Mistral-ის ტიპის რაკეტებიც კი შეიძინოს, რაც სომხეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული უდიდესი სიმბოლური ნაბიჯი იქნება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ სომხეთი რუსული სამხედრო ალიანსიდან თავისი ნებით გავიდა. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (ОДКБ) ვერ უზრუნველყო სომხეთის უსაფრთხოება, რის გამოც იქ გაჩერებას ქვეყნისთვის არავითარი აზრი არ აქვს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ 1992 წელს დაარსებული ორგანიზაცია 6 წევრს აერთიანებდა, მათ შორის: რუსეთს, ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს და ტაჯიკეთს. ОДКБ-ს მთავარი დანიშნულება NATO-სთვის კონკურენციის გაწევა და წევრი სახელმწიფოების დაცვა იყო, თუმცა, როგორც ჩანს, რუსულმა ალიანსმა მთავარი დანიშნულება ვერ შეასრულა და ყარაბაღის კონფლიქტში განვითარებულმა მოვლენებმა სომხეთს ალიანსიდან გასვლისკენ უბიძგა.
ფაშინიანის განმარტებით, ქვეყანა სამი წლის განმავლობაში ითხოვდა ალიანსიდან დახმარების მიღების, თუმცა სიტყვიერი დაპირების მეტი სომხეთს არაფერი მიუღია, ამიტომაც ამ ორგანიზაციაში დარჩენას აზრი აღარ აქვს.