მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსული Urals-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 105.9 დოლარამდე გაიზარდა

რუსეთი

რუსული საექსპორტო ნავთობის, Urals-ის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა და ბარელზე 105.91 დოლარი შეადგინა, რაც ერთ დღეში თითქმის 10%-იან მატებას ნიშნავს. ფასების ასეთი ზრდა პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკურ კრიზისთან. კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელსა და ირანს შორის არსებულ სამხედრო კონფლიქტთან, რამაც ნავთობის გლობალური მიწოდება მნიშვნელოვნად შეაფერხა. აღსანიშნავია, რომ საბრძოლო მოქმედებების ფონზე ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია გართულდა, რის გამოც საუდის არაბეთიდან და ყურის სხვა ქვეყნებიდან ნედლეულის ექსპორტი საგრძნობლად შემცირდა.

როგორც ირკვევა, ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების დეფიციტმა აზიელი მყიდველების, განსაკუთრებით კი ინდოეთის მხრიდან რუსულ ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა. არსებული ინფორმაციით, ინდურ პორტებში Urals-ის მარკის ნავთობი ზოგჯერ Brent-ის ტიპის ნავთობზე უფრო მაღალი პრემიუმითაც კი ივაჭრება, რადგან ალტერნატიული წყაროების სიმცირის გამო ბაზარზე შესყიდვები პანიკურად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ აღნიშნული ტიპის ნავთობა უმოკლეს დროში უზარმაზარი ზრდა განიცადა: თუ თებერვლის ბოლოს Urals-ის ფასი $40-$45 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, მარტის ბოლოსთვის ის $105-იან ნიშნულს გადასცდა, რაც 79%-იან ზრდას ნიშნავს.

ცნობისთვის, Urals-ის მარკის ნავთობი Brent-თან შედარებით ისტორიულად ყოველთვის ფასდაკლებით იყიდებოდა, რაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციებითა და "დიდი შვიდეულის" მიერ დადგენილი ფასის ზედა ზღვრით იყო განპირობებული. თუმცა, მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა და "ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით აზიის ბაზარზე ნავთობის ტრანსპორტირებამ ეს დინამიკა სრულად შეცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები