მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულმა ბანკებმა $25 მილიარდით იზარალეს

6311b2962dd7a
გიორგი თოლორდავა
03.09.22 00:20
978
ცენტრალური ბანკის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსულმა კომერციულმა ბანკებმა 1.5 ტრილიონი რუბლით ($25 მლრდ) იზარალეს.

ბანკის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დიმიტრი ტულინის განმარტებით, ზარალის საერთო მოცულობის თითქმის 65% სავალუტო ოპერაციებზე მოდის.

საერთო ჯამში, წლის პირველ ექვს თვეში უმსხვილესი რუსული ბანკების მიერ მიღებული ზარალის მოცულობამ 1.9 ტრილიონი რუბლი ($32 მლრდ) შეადგინა, თუმცა რამდენიმე კომერციულმა ბანკმა 400 მილიარდი რუბლის ($7 მლრდ) მოგებაზე გასვლა შეძლო.

ტულინის შეფასებით, 50%-ზე მეტი შანსია იმისა, რომ წლის მეორე ნახევარში ბანკების ზარალმა $25 მილიარდს არ გადააჭარბოს და საბოლოო წლიურმა ზარალმა $50 მილიარდი შეადგინოს.

აღსანიშნავია, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის საჯარო უწყებებმა და სამინისტროებმა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის გასაჯაროება შეწყვიტეს, მათ შორის იყო ცენტრალური ბანკიც.

შეგახსენებთ, რომ რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრას და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 24 თებერვალს ომის დაწყებას დასავლეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” დაწყებიდან რამდენიმე დღეში აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს რიგი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და მნიშვნელოვანი უმსხვილესი რუსული ბანკების SWIFT-დან გარიცხვა იყო.

ცნობისთვის, Society for Worldwide Interbank Financial Telecommunication (SWIFT) ბელგიაში 1973 წელს დაარსდა და ის მსოფლიოს მასშტაბით 11,000-მდე საფინანსო ინსტიტუტს, ბანკს, საბროკეროს და ორგანიზაციას აერთიანებს. SWIFT-ის ძირითადი დანიშნულება ბანკთაშორისი კომუნიკაციის უზრუნველყოფაა, მას მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო იყენებს და მისი საშუალებით ყოველდღიურად 40 მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება.

SWIFT ყოველდღიურად აქტიურად გამოიყენება საერთაშორისო ვაჭრობასა და გადარიცხვებში, რაც მას გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს. სახელმწიფოს SWIFT-ის სისტემიდან სრულად გაძევება, ფაქტობრივად, მის გლობალური ეკონომიკიდან მოკვეთას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მსხვილი ბანკის გაძევების მიუხედავად, რუსეთი სრულად არ არის მოკვეთილი SWIFT-ის სისტემიდან და რამდენიმე ბანკი ისევ განაგრძობს საერთაშორისო ტრანზაქციების გატარებას, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი Gazprombank-ია, რომლის მეშვეობით რუსეთი ენერგორესურსების გაყიდვის შედეგად ყოველთვიურად მილიარდობით დოლარს იღებს.

SWIFT-დან გაძევებული რუსული ბანკების ჩამონათვალი:

Sberbank,
VTB,
Novikombank,
PromSvyazbank,
Rossiya Bank,
Bank Otkritie,
Sovcombank,
Vnesheconombank,
Russia’s Development Bank,
Credit Bank of Moscow,
Russian Agricultural Bank.

SWIFT-ში დარჩენილი უმსხვილესი რუსული ბანკების ჩამონათვალი:

Gazprombank,
Alfa-Bank,
Raiffeisenbank,
UniCredit Bank,
Rosbank,
Mosnarbank,
Solid Bank,
Industrial Bank,
Construction Bank.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ბანკების გარდა, რუსეთის მასშტაბით ასობით მცირე ზომის საფინანსო ორგანიზაცია და ბანკი ოპერირებს, თუმცა მათი პორტფელის მოცულობიდან გამომდინარე, ისინი მოცემულ სიაში ვერ მოხვდნენ.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები