Bloomberg-ი რუსული სპეცსამსახურების მიერ საქართველოში წლების განმავლობაში განხორციელებული კიბერშეტევების შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, ფართომასშტაბიანი შეტევები, ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მსხვილი კომპანიების წინააღმდეგ რუსული FSB-სთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფების მიერ იყო განხორციელებული.
Bloomberg-ის თანახმად, კიბერშეტევები ფინანსთა სამინისტროს, ცესკოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, ძირითადი სატელეკომუნიკაციო პროვაიდერების წინააღმდეგ მიმდინარეობდა. შეტევები ასევე მოიცავდა საქართველოს ელექტროენერგიის მიმწოდებლებს, ნავთობტერმინალებსა და მედია პლატფორმებს.
Bloomberg-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევით რუსულმა GRU-მ მოიპოვა წვდომა რამდენიმე ელექტრონული ფოსტის ანგარიშზე. ამავე დაჯგუფებამ ასევე დაჰაკა ქართული მედია ორგანიზაციები, მათ შორის ტელეკომპანია "იმედი" და "მაესტრო". ასევე მოიპოვა წვდომა საქართველოს რკინიგზის IT სისტემებზე.
გამოცემის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მრავალთვიანი ჰაკერული მიყურადების მიზანს კი დიპლომატიური მიმოწერის მიყურადება წარმოადგენდა და გამოცემის თანახმად.
Bloomberg-მა საკითხზე კითხვით მიმართა FSB-სა და GRU-ს, რომლებმაც გამოცემას არ უპასუხეს.
Bloomberg-ის თანახმად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათ განუცხადა, რომ 2021 წლის 5 აპრილს მათი სისტემების წინააღმდეგ განხორციელდა ე.წ. Distributed Denial of Service (DDoS) შეტევა, თუმცა ამ შეტევას მათ სისტემებზე გავლენა არ მოუხდენია.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ Bloomberg-ს განუცხადა, რომ სამინისტრო არ არის იმ პოზიციაში, რომ შეაფასოს მსგავსი ცნობები იქამდე, სანამ მათ რელევანტური ექსპერტების დასკვნები არ ექნებათ. ტელეკომპანია "მაესტროში" კი Bloomberg-ს განუცხადეს, რომ ინციდენტი 2019 წელს მოხდა, თუმცა კომპანია ვერ ამბობს, იყო თუ არა ეს ჰაკერული თავდასხმა.
Bloomberg-ის თანახმად, რუსმა ჰაკერებმა 2019 წელს მოიპოვეს წვდომა თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანია "თელასზე", კითხულობდნენ თანამშრომელთა ელექტრონულ ფოსტას და რეალურ დროში უყურებდნენ ოფისში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს. ხოლო სახელმწიფო ელექტროსისტემაზე განხორციელებული შეტევის მიზანს წარმოადგენდა იმის გარკვევა, შეეძლებოდათ თუ არა რუს ჰაკერებს დისტანციურად გამოერთოთ მაღალი ძაბვის ქვესადგურები.