რუსეთის სახელმწიფო მედია RIA Novosti-ს ინფორმაციით, რუსულმა სასამართლომ აპლიკაცია Telegram-ი დაახლოებით 11 მილიონი რუბლით (142 210 აშშ დოლარი) დააჯარიმა. მიზეზი იმ აკრძალული კონტენტის წაშლაზე უარია, რომელსაც ხელისუფლება ექსტრემისტულად მიიჩნევს.
კომუნიკაციების სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა 10 თებერვალს განაცხადა, რომ Telegram-ს ხელისუფლების მხრიდან დამატებითი შეზღუდვები დაუწესდება, რადგან მან წინა დარღვევები არ გამოასწორა.
ხელისუფლება უცხოურ ტექნოლოგიურ პლატფორმებს არაერთხელ დაემუქრა იძულებითი შენელებით ან სრული აკრძალვით, თუ ისინი რუსულ რეგულაციებს არ დაემორჩილებიან.
ისინი კომპანიებისგან მოითხოვენ, რომ რუსი მომხმარებლების მონაცემები ქვეყნის შიგნით შეინახონ და აღკვეთონ მათი სერვისების გამოყენება ისეთი მიზნებისთვის, რასაც მოსკოვი "კრიმინალურ და ტერორისტულ მიზნებს" უწოდებს.
კრიტიკოსები და უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ეს ზომები კრემლის აშკარა მცდელობაა, გააფართოოს თვალთვალი და გაამკაცროს კონტროლი ინტერნეტის გამოყენებაზე, უკრაინაში ომის ფონზე განსხვავებული აზრის დევნის პარალელურად.
სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კომუნიკაციების მარეგულირებელმა, "როსკომნადზორმა" აღნიშნა, რომ Telegram-ზე "ეტაპობრივი შეზღუდვების დაწესებას გააგრძელებს". უწყებამ დაამატა, რომ პლატფორმა ქვეყნის კანონებს არ ემორჩილება, თუმცა სხვა დეტალები არ დაუზუსტებია.
Telegram-ი რუსეთში კვლავ ფართოდ გამოიყენება როგორც სასაუბრო აპლიკაცია და სოციალური მედიის პლატფორმა. საჯარო ფიგურების უმრავლესობა, მათ შორის სამთავრობო უწყებები და კრემლი, სიახლეებს რეგულარულად აქვეყნებენ.
მიუხედავად ამისა, მოსკოვი პოპულარიზაციას უწევს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ კონკურენტ აპლიკაციას, სახელად Max-ს, რომელიც მესიჯებს, გადახდებსა და სახელმწიფო სერვისებზე წვდომას აერთიანებს.
"როსკომნადზორის" განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთში Telegram-ის მომხმარებლები ინტერნეტ-ტრაფიკის შენელებასა და ფაილების გადმოწერის შეფერხებას იტყობინებოდნენ.
მარეგულირებელი ასევე ცდილობდა შეეზღუდა სხვა უცხოური პლატფორმები, მათ შორის Meta-ს მფლობელობაში არსებული WhatsApp და Google-ის YouTube.




























