ყაზახეთი საექსპორტო ხორბალს აღარ დაასუბსიდირებს. შედეგად, დარგში ელიან, რომ საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი დასრულდება.
საქართველოსთვის, რომელიც როგორც წესი, რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული 2025 წლის დასაწყისში ყაზახეთი მნიშვნელოვან ალტერნატივად ჩამოყალიბდა, თუმცა სუბსიდირების დასრულებასთან ერთად მოსალოდნელია, რომ მისი წილი კვლავ დაიკლებს.
ყაზახეთი, რომელიც გასულ წელს იმპორტის სტატისტიკაში პრაქტიკულად არ ფიგურირებდა, წელს საქართველოსთვის რუსეთთან პარალელურად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატიულ წყაროდ იქცა. 6 თვეში ექსპორტში ყაზახური ხორბლისა და მესლინის წილმა 32.6% შეადგინა.
იმპორტის ზრდა ყაზახეთის ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია – 2024 წლის თებერვლიდან ქვეყანამ მარცვლეულის ექსპორტის ტრანსპორტირების ხარჯების სუბსიდირება დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის ბიუჯეტიდან 40 მლრდ ტენგე გამოიყო, რაც 2 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტის წახალისებას ისახავდა მიზნად. ტრანსპორტირების სუბსიდირება მოქმედებდა როგორც საქართველოს, ასევე შავი ზღვის პორტების მიმართულებით.
როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ BM.GE-სთან საუბარში განაცხადა, ნაბიჯი სრულად ყაზახეთის ინტერესი იყო, რომელიც საქართველოს ინტერესს დაემთხვა.
"ამოიწურა ის რაოდენობა, რომელიც გამოყოფილი იყო სუბსიდირებაზე ყაზახეთის მხრიდან. ფაქტობრივად ზედმეტი ხორბალი, რომელიც ქვეყანაში ჰქონდათ, გავიდა საექსპორტო ბაზრებზე. მათ შორის შავი ზღვისა და ბალტიის მიმართულებით, ასევე საქართველოში. ბოლო ექვს თვეში იმპორტის ნახევარი სწორედ ყაზახეთიდან შემოვიდა, რაც პოზიტიური იყო. თუმცა რესურსი ამოწურვადია და მხოლოდ ყაზახეთის ინტერესს ემსახურებოდა, რომელიც საქართველოს ინტერესსაც დაემთხვა", – აცხადებს სილაგავა.
მისივე თქმით, ახლა იმპორტი ინერციით, ანუ ადრე გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე გრძელდება.
"ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტი ასეთი ინტენსივობით აღარ გაგრძელდება. სექტემბერში დაიწყება ახალი მოსავლის აღება, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით სუბსიდირების გაგრძელება ნაკლებად მოსალოდნელია."
ამ ეტაპზე ყაზახეთის მთავრობამ უცხოურ ბაზრებზე მარცვლეულის ტრანსპორტირების სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება შეაჩერა – როგორც სახელმწიფო ოპერატორი აცხადებს, ბიუჯეტური ლიმიტი სრულად ამოწურულია.
წისქვილკომბინატ "ბარაქას" გენერალური დირექტორის, ლადო ბიძინაშვილის განცხადებით, ყაზახური ხორბლის იმპორტი სუბსიდირების შეწყვეტის შემდეგ ვეღარ გაგრძელდება, რადგან ფასი არაკონკურენტულია.
"ამ პირობებში უკვე ფიზიკურად კონკურენტუნარიანი ვეღარ იქნება ყაზახური ხორბალი რუსულთან მიმართებით.
თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყაზახეთში სუბსიდირების ლიმიტის ამოწურვამდეც, კონკურენტულობა ნაკლები იყო რუსეთთან, რადგან რუსეთის სამხრეთ რეგიონებში ახლა მოსავლის აღების პიკური პერიოდია. ისედაც უკვე ფასი რუსული უფრო კონკურენტული იყო, ვიდრე თვითონ ყაზახური ხორბლის ფასი, თუნდაც სუბსიდირების.
ყაზახეთი ჯერ ძალიან შორსაა მოსავლის აღება და როცა ახალი მოსავალი იქნება, ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენად გააგრძელებენ სუბსიდირების პროცესს", - განაცხადა BM.GE-სთან წისქვილკომბინატ “ბარაქას” გენერალურმა დირექტორმა ლადო ბიძინაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისის იმპორტის მაჩვენებლები ბოლო 7 წლის განმავლობაში მაქსიმალურ ნიშნულზეა. მსგავსი მოცულობის მარცვლეული ქვეყანაში ბოლოს 2018 წელს შემოვიდა მაშინ საქართველომ 271 798 ტონა მარცვლეული 53.25 მლნ დოლარად შეიძინა. მიმდინარე წლის მონაცემები სწორედ ამ მაჩვენებელს უახლოვდება.




























