მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველომ ხორბლის იმპორტში $47.8 მილიონი გადაიხადა - 32.6% ყაზახეთიდან შემოვიდა

ხორბალი

წელს 6 თვეში საქართველომ 47.8 მილიონი აშშ დოლარის 184 118 ტონა ხორბალი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 74%-ით მეტია.

$47.8 მლნ-დან საქართველომ $32.2 მლნ-ის ხორბალი რუსეთიდან შეიძინა, $15.6 მლნ-ის კი ყაზახეთიდან. შედეგად, მთავარი იმპორტიორი ბაზრის, რუსეთის პარალელურად წელს საქართველოს ჰქონდა ალტერნატიული ბაზარიც - ყაზახეთი, საიდანაც ხორბლისა და მესლინის 32.6% შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტი ნულოვანი იყო, 2025 წელს კი საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტის ზრდა ყაზახეთის ხელისუფლების მხრიდან ხორბლის ექსპორტის სუბსიდირების გადაწყვეტილებამ განაპირობა. რუსეთიდან იმპორტი კი 17%-ით გაიზარდა.

ყაზახეთში გასულ წელს ხორბლის რეკორდული მოსავალი მოვიდა. მარცვლეულის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის კი ქვეყნის მთავრობამ მარცვლეულის ექსპორტის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც თებერვლიდან ამოქმედდა. ამ მიზნით რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 40 მილიარდი ტენგე გამოიყოფა, რაც შესაძლებლობას იძლევა 2 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი წახალისდეს. ტრანსპორტირების ხარჯები დასუბსიდირდება როგორც საქართველოს მიმართულებით, ასევე საქართველოს შავი ზღვის პორტების გავლით ექსპორტისას.

ახლა კი ყაზახეთმა ხორბლის უცხო ბაზრებზე ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებაზე განაცხადების მიღება შეაჩერა. გადაწყვეტილება სახელმწიფო ოპერატორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის სახსრების ლიმიტის მიღწევის გამო მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 6 თვის მაჩვენებლები ბოლო 7 წელში რეკორდულია. ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი მოცულობის იმპორტი მხოლოდ 2018 წელს დაფიქსირდა. მაშინ საქართველოში შემოტანილ იქნა 53.25 მლნ დოლარის ღირებულების 271 798 ტონა მარცვლეული, რაც 2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებთან ყველაზე ახლოს მდგომი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები