სააგენტომ, „აწარმოე საქართველოში“ მომავალ წელს 9.6 მლნ ლარის ტენდერების გვერდის ავლით დახარჯვის უფლება მიიღო.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ სააგენტო გამარტივებული შესყიდვის გზით დახარჯავს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში (გამოფენა - ბაზრობები, სავაჭრო მისიები, საზღვარგარეთ roadshow-ები, სარეკლამო და მედიაკამპანიების წარმოება, კომპანიებთან ერთ-ერთზე საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები, კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და ა.შ.) მონაწილეობისთვის საჭირო სახსრებს.
"აწარმოე საქართველოში"-ს საქმიანობა აერთიანებს, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებს, ასევე ექსპორტის ხელშეწყობის, ინვესტიციების მოზიდვისა და მხარდაჭერის მიმართულებებს. „სააგენტოს მხრიდან აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა გამოიხატება, როგორც წმინდა ორგანიზაციულ, ასევე ფინანსურ მხარდაჭერაში“, - ნათქვამია დოკუმენტში.
განსახორციელებელი შესყიდვები მოიცავს სატელევიზიო გადაცემებში სარეკლამო პროდუქტის განთავსებას, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ვიდეო რგოლის გადაღებას, ასევე სამეწარმეო პროექტების შესახებ სარეკლამო მასალების მომზადებას, სააგენტოს სერვისების ვიდეო რგოლის შექმნას, ასევე სხვადასხვა მედია საშუალებებში, მათ შორის სოციალურ ქსელებში ვიდეო რგოლის განთავსებას; სარეკლამო აქტივობებს, საწარმოების ფოტოგადაღებას და სოციალური ქსელებში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენს, საქართველოს საინვესტიციო საიმიჯო რგოლის გადაღებას და სხვა აქტივობებს.
ღონისძიებები ეტაპობრივად იმართება და მოიცავს 2024 წლის იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.