მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საარბიტრაჟო სასამართლოში მოსმენები მოახლოვდა“ - რამ გაახსენა მთავრობას ანაკლიის პორტი?

639b39cdc9915
თელარა გელანტია
15.12.22 23:45
891
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის პორტის თემის გააქტიურებას ორი ფაქტორით ხსნის.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში განაცხადა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილის სარჩელის განხილვა ახლოვდება და ასევე, გასული კვირის ბოლოს, 10 დეკემბერს, თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ “ამირანში” შტეფან ტოლცის ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა, სახელწოდებით - "პორტი, რომელიც არ აშენდა”.



საქმე ის არის, რომ როგორც 12 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს 51%-იანი თანამონაწილეობით აშენდება, ხოლო 49%-იანი წილის პარტნიორ კომპანიას და საერთაშორისო კონკურსის გზით შეარჩევენ. იმავე დღეს მთავრობის მეთაურმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ე.წ. ინვესტორებად მოიხსენია, ხოლო მათ მიერ დაწყებულ საარბიტრაჟო დავებს კი ქვეყნის „ძარცვის კლასიკური სქემა“ უწოდა.

„ირაკლი ღარიბაშვილი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რომ არ წარმოადგენდეს, მისი სიცრუისთვის პასუხის გაცემაც არ ღირს. სამარცხვინოა, როდესაც ადამიანი ამდენ სიყალბეს კადრულობს და ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ სხვა ადამიანების რეპუტაცია დააზიანოს. ეს არის (პაულ იოზეფ) გებელსის ხელწერა - რაც შეიძლება დიდი ტყუილი თქვა, რომ მერე დაიჯერონ... ეს მიდგომა კარგად ასახავს „ქართული ოცნების“ ბუნებას - თუ ვინმე ოპონირებს, ზიანი მიაყენოს მას და ამ დროს აბსოლუტურად არ აინტერესებთ, რომ ამით ქვეყანას ადგება ზიანი.

რაც შეეხება კითხვას - რამ გაახსენა მთავრობას ანაკლიის პორტი და რატომ გააქტიურდნენ, რამდენიმე ფაქტორი შეიძლება იყოს: ერთი - საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილის სარჩელის მოსმენები ახლოვდება და „ქართული ოცნებისთვის“ ცხადია, რომ ეს არაა საქართველოს სასამართლო სისტემა, სადაც მათი გავლენები ვრცელდება.

მეორე ფაქტორი კი, ჩემი აზრით, შტეფან ტოლცის ახალი დოკუმენტური ფილმის - "პორტი, რომელიც არ აშენდა” - პრემიერაა. პროექტი ART და ZDF-თან ერთად განხორციელდა. ის არის დოკუმენტური ისტორია, რეალურად რა მოხდა ანაკლიის პორტის ირგვლივ. ფილმში მხოლოდ ფაქტებია მოყვანილი და ალბათ, ამანაც მწყობრიდან გამოიყვანა ირაკლი ღარიბაშილი და მორიგი ტყუილი თქვა“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ უჭირს პროგნოზის გაკეთება, საარბიტრაჟო სასამართლოში რამდენი თვე შეიძლება გაგრძელდეს საქმის განხილვა, მაგრამ ამბობს, რომ „ყველაფერი თვალსაჩინოა“. „ფაქტები სახეზეა - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მაქსიმუმს აკეთებდა“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძეს არ სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას რეალურად სურს ანაკლიის პორტის აშენება და მზად არის 51%-იანი თანამონაწილეობისთვის.

შეგახსენებთ: მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში შეუწყვიტა. 2016 წელს კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. 2020 წელსვე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ერთ-ერთმა მთავარმა უცხოელმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები