მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარჩევნო პროცესში „შავი ფული“ ტრიალებს... ჩემი მინიშნებაა ანტიკორუფციულმა ბიურო რბილი მიდგომით იმოქმედოს - პრემიერი

კობახიძე

ჩემი მოწოდება იქნებოდა ბიურომ შედარებით ლოიალური მიდგომა გამოავლინოს და ასეთ საკითხებს პედანტურად, წმინდა სამართლებრივად ნუ გაჰყვება, გნებავთ, ჩათვალეთ ეს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში ჩარევად - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლების ახალი მინისტრის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ "შავი ფული" ტრიალებს წინასაარჩევნო პროცესში.

„"შავი ფული“ ტრიალებს საარჩევნო პროცესში, მათ შორის „ლელოც“ ხარჯავს „შავ ფულს“. „ტვ პირველსაც“ აფინანსებს შავი ფულით, თვეში 240 ათასი ლარი იყო, შეიძლება გაუზარდეს წინასაარჩევნო პერიოდში. როდესაც „შავი ფული“ ტრიალებს, მისი დეკლარირება ადვილი არ არის. ეს არის მიზეზი, რატომაც არიდებენ თავს რეალური ხარჯების დეკლარირებას. წესით, ამით უნდა დაინტერესდეს ანტიკორუფციული ბიურო, მაგრამ ჩემი მინიშნება იქნებოდა (სამწუხაროდ, ვერ ვმართავ ანტიკორუფციულ ბიუროს), რომ აქაც ბიურო შედარებით რბილი მიდგომით თუ იმოქმედებს, უკეთესი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ვიცი, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის დამალვაზეა საუბარი, როგორც მითხრეს. უხეში ინფორმაციაა და შეიძლება, სწორი არ იყოს. ნახევარი მილიონის დამალვა ნიშნავს იმას, რომ მილიონი ლარით უნდა დაჯარიმდეს „ლელო“. ეს თუ მოხდება, გამოვა ვინმე ევროსაბჭოდან ან ევროპარლამენტიდან და იტყვიან, რომ საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს ექმნება საფრთხე. შეიძლება ეს უნდოდეს „ლელოს“ და მის მფარველებს. აქაც, ჩემი მოწოდება იქნებოდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ, შედარებით ლოიალური მიდგომა გამოავლინოს და ნუ გაჰყვება პედანტურად, წმინდა სამართლებრივად ასეთ საკითხებს. გნებავთ, ჩათვალეთ ეს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში ჩარევად“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციული ბიუროს შეცვლილ გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა, რადგან "არ ივარგებდა წმინდა სამართლებრივი მოქმედება".

"ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა - ანტიკორუფციული ბიურო არ არის პოლიტიკური ორგანო, აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციულ ბიურო მოქმედებს არსებითად სამართლებრივი კრიტერიუმებით. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობიდანაც ამოვიდეთ, როცა შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. სწორედ აქედან გამომდინარე წარვადგინეთ შესაბამისი მოწოდება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ.

ჩვენ ჩავთვალეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ იქნება მიზანშეწონილი, მიუხედავად სათანადო პირობების არსებობისა, "საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის" თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ასეთი სტატუსის შეფარდება. ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არაფერს არ იძლევა. ერთადერთი, რასაც იძლევა, შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს საბაბი სპეკულაციისთვის", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ მიიჩნია. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ამ მიზეზით ვეღარ დააკვირდებოდნენ მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და "აირჩიე ევროპა"-ს თანადამფუძნებლები: ხათუნა ლაგაზიძე, სოფიკო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი თაქთაქიშვილი და ივა ჭყონია - განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო და ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენისთვის 5 დღე მისცა. ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. TI-მ სასამართლოში იჩივლა, თუმცა როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, გადაწყვეტილება, რომლითაც TI-ის სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო. შედეგად, TI-ზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები გავრცელდა. გუშინ, კი პრემიერ-მინისტრმა რაჟდენ კუპრაშვილს მიმართა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.

გუშინ, პრემიერის მიმართვამდე რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებდა, რომ ამ საკითხში ყველა მტყუანია და მხოლოდ ის არის მართალი

პრემიერის მოწოდების შემდეგ, გადაწყვეტილების შეცვლის მიუხედავად, კუპრაშვილი ირწმუნება, რომ დამოუკიდებელია

„დიახ, ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები