მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საავიაციო ინდუსტრია კადრების კრიზისს განიცდის... სისტემა ადრინდელივით აღარ მუშაობს - Wizz air

62eb6b45cd501
მარიამ ვარადაშვილი
04.08.22 10:44
662
Wizz air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელ ჟაჟა ტრუბეკი BMG-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ დღეს ავიაციის სექტორში კრიზისია. ამის ერთ-ერთ მიზეზად უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანიის წარმომადგენელი ევროპაში მიმდინარე კონფლიქტს ასახელებს. მისივე თქმით, ავიაციის ინდუსტრიაში არის საკადრო დეფიციტიც.

“ეს ნამდვილად არის დიდი კრიზისი. არა მხოლოდ კოვიდმა დაგვარტყა ძალიან, არამედ ეკონომიკურმა სიტუაციამ და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა, ასევე მაღალმა ინფლაციამ, საავიაციო საწვავზე ფასიც გაიზარდა. ამ ყველაფერს ერთად შეგვიძლია ვუწოდოთ კრიზისი. დიახ, როგორც თქვით, ეს დიდი გამოწვევებია. სამწუხაროდ, დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდით. ვიტყოდი, რომ ინფლაციის დონე და საავიაციო საწვავზე ფასის ზრდა სისტემური პრობლემაა ინდუსტრიისთვის.

მთელი ინდუსტრია ახლა საკადრო დეფიციტს განიცდის. აქ Wizz air-ს არ ვგულისხმობ, რადგან ბორდის წევრები საკმარისი გვყავს. იღბლიანებად მივიჩნევთ თავს, რადგან მივხვდით, რომ კოვიდის შემდეგ ინდუსტრიის ზრდა სწრაფი იქნებოდა. ასე რომ, თანამშრომლების დეფიციტი Wizz air-ს არ აწუხებს, თუმცა ეს საკითხი პრობლემურია ინდუსტრიისთვის. განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ სახმელეთო ოპერატორებზე, უსაფრთხოების თანამშრომლებსა და ხომალდის მენეჯმენტზე. ვიმედოვნებთ, ინდუსტრია ამ პრობლემას სწრაფად გადაჭრის.

ამას გავლენა აქვს ჩვენს ოპერირებაზეც, რადგან ეს მთლიანი სისტემაა, რომელიც ადრინდელივით აღარ მუშაობს. ვგულისხმობ პანდემიამდე პერიოდს, როდესაც ძალიან წარმატებით ვმუშაობდით. ვმუშაობთ აეროპორტებთან და სხვა ავიაკომპანიებთან ამ საკითხების მოგვარებაზე. შემიძლია გითხრათ, რომ Wizz air-ს საკმარისი თანამშრომლები ჰყავს, თუმცა ხომალდის მენეჯმენტის, სახმელეთო ოპერტორების, აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის კუთხით საკადრო დეფიციტია. ეს ზოგჯერ ჩვენზეც აისახება, რადგან იწვევს შეფერხებებს, ფრენების გაუქმებებს. ამდენად, მთელი ინდუსტრიისთვის მარტივი პერიოდი არ არის, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ამის მართვას შევძლებთ როგორც ადრე ვაკეთებდით. ვიმედოვნებთ, ეს მალე დასრულდება”,-აცხადებს ტრუბეკი.

მიმდინარე კვირაში უნგრულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და გარკვეულ მიმართულებებზე სიხშირეებიც გაზარდა. Wizz air ქართული ავიაბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც მიმდინარე წლის 6 თვეში 226 000 მგზავრს მოემსახურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები