მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის რეფორმის შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართება

63cfd73f4d8dd
BM.GE
25.01.23 09:00
635
25 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, USAID საქართველოსა და აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ერთობლივი ორგანიზებით, სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატში, საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის რეფორმის შესახებ.

შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ CLDP-ის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს და შეიმუშავებენ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის ინიცირებასაც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს.

მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწვეულნი არიან და მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს პარლამენტის წევრები, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლები, საქპატენტისა და იუსტიის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი პირები, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მმართველობის პროგრამების, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) წარმომადგენლები და ექსპერტები. თემატური საერთაშორისო ორგანიზაციებიდან რეფორმის შემუშავების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ: ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC), შემსრულებელთა უფლებების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციების საბჭოს (SCARP), ფონოგრაფიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციისა (IFPI) და რეპროდუცირების უფლების ორგანიზაციათა საერთაშორისო ფედერაციის (IFRRO) წარმომადგენლები.

ინიცირებამდე, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა მოხდება ასევე საჯარო-კერძო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმაზე, რომლის პირველი აქტივობა მხარეებმა 2022 წლის 7 დეკემბერს გამართეს.

ინკლუზიური დიალოგის გზით, ორგანიზატორების მიზანია, კოლექტიურ საფუძველზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვა საქართველოში და შესაბამისი კანონმდებლობის რედაქცია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ბაზრის გამოწვევებთან თავსებადი გახდეს, უზრუნველყოს უფლების მფლობელებისთვის უფრო ხელსაყრელი ბიზნეს გარემო და ხელი შეუწყოს კრეატიული ინდუსტრიების განვითარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები