მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საბა კონსტრაქშენს” სახელმწიფომ ერთ-ერთი უმსხვილესი ₾355 მილიონის ხელშეკრულებები გაუფორმა

64c293e18798e
შოთა ტყეშელაშვილი
30.10.23 15:59
1834

ბათუმის იერსახის გაუმჯობესებისთვის 200 მილიონი ლარის, ბორჯომის იერსახის გაუმჯობესებისთვის 100 მილიონი ლარის, ყაზბეგის იერსახისთვის 40 მილიონის, ხოლო სხვა ქალაქების გაფორმებისთვის კიდევ 15.5 მლნ ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ქალაქების და კურორტების განვითარების ფარგლებში 355 მილიონი ლარის მოცულობის 6 კონტრაქტი კომპანია “საბა კონსტრაქშენს” გაუფორმდა.

თითოეული შესყიდვის შემთხვევაში კომპანიას პროექტის Design-Build მეთოდით განხორციელება ევალება, შესაბამისად, ტენდერის გამოცხადების დროს თავად სახელმწიფოს არ ჰქონდა მომზადებული პროექტები და ნახაზები იმისა, თუ სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო თითოეულ ქალაქში.

ამასთანავე, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, სახელმწიფომ “საბა კონსტრაქშენს” პროექტის განხორციელებისთვის მსხვილი ავანსები უკვე გადასცა, რაც ჯამში 6 კონტრაქტზე 113.7 მილიონ ლარს შეადგენს.

კომპანია “საბა კონსტრაქშენი” მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში წარსულშიც იღებდა მონაწილეობას. მაგალითად, კომპანიის მიერ აშენებულია თბილისის ახალი საკალათბურთო დარბაზი, რომელმაც Eurobasket-ის შეხვედრებს უმასპინძლა. პროექტის ღირებულება 91 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთანავე, კომპანიამ 2023 წლის ივნისში ₾81-მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც ქალაქ რუსთავში 800 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობას ითვალისწინებს.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, “საბა კონსტრაქშენი” 2012 წელს დაფუძნდა და მის 100%-იან წილს კომპანია “საბა ინვესტი” ფლობს. თავის მხრივ “საბა ინვესტის” 100%-იან წილს ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები