60-წლიანი ისტორიის მქონე საბაგირო სისტემების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Bartholet-ი საქართველოში ოფიციალურად შემოვიდა. Bartholet-ი საბაგირო, ინდუსტრიული განათებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე საბაგირო სისტემებს აწარმოებს და თან, ეს არის მსოფლიოში ერთადერთი მწარმოებელი, რომლის გონდოლების დიზაინსაც კომპანია Porsche Design-ი ქმნის.
როგორც კომპანიაში ამბობენ, Bartholet-ი სანდოობაზე და შესრულებული სამუშაოს მაღალ ხარისხზე დგას, რასაც კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების რაოდენობაც ადასტურებს. ამ დრომდე, Bartholet-ს საჰაერო-საბაგირო გზების 312 პროექტი აქვს შესრულებული, თანაც მსოფლიოს 32 ქვეყანაში. უკანასკნელი მონაცემებით, კომპანია 450 ადამიანს ასაქმებს.
Bartholet-ი საოჯახო ბიზნესია, რომელიც ანტონ ბარტოლეტმა დააფუძნა. მოგვიანებით, ბიზნესს სათავეში ანტონის შვილი, როლანდ ბართოლეტი ჩაუდგა, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანია საერთაშორისო ბაზარზე გავიდა გავიდა. დღეს, კომპანია Bartholet-ი საქართველოში თავად როლანდ ბართოლეტმა წარადგინა. bm.ge-ის კითხვაზე, თუ რატომ აირჩია კომპანიამ საქართველო, როლანდ ბართოლეტი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან ჰგავს შვეიცარიას.
“Bartholet-ი საჰაერო-საბაგირო გზების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ადამიანების, ნივთებისა და მასალების ურბანული და ტურისტული ტრანსპორტირების კუთხით სრულყოფილ გადაწყვეტებს ქმნის. ჩვენი მიზანია, საქართველოში ურბანული ტრანსპორტი განვავითაროთ, რადგან ეს საცობების მოსაგვარებლად არის საჭირო. საქართველო ძალიან ჰგავს შვეიცარიას, აქ ცოტა ხალხი ცხოვრობს და ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა სავსებით რეალისტურია. ამასთან, ენერგოეფექტურობისა და მწვანე ენერგეტიკის განვითარებაც გვსურს. საქართველოში ძალიან კარგი პარტნიორი გვყავს და ქვეყანაში და მის გარშემო ჩვენი ახალი პროდუქტის, ROPETAXI-ის კუთხით დიდ შესაძლებლობას ვხედავთ”, - აღნიშნავს Bartholet-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, როლანდ ბართოლეტი.
ROPETAXI, რომელზეც როლანდ ბართოლეტი საუბრობს, Bartholet-ის ინოვაციური ნოუ-ჰაუა, რომლის დანერგვა შვეიცარიულ კომპანიას საქართველოში სურს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ROPETAXI მგზავრის საჭიროებებზე მორგებული ახალი ტიპის ურბანული ტრანსპორტია, რომელიც მხოლოდ მაშინ მოძრაობს, როცა კაბინაში მგზავრი ზის. ამგვარად, კლასიკურ საბაგიროსთან შედარებით, მგზავრის გარეშე გადაადგილება 50%-ით მცირდება, რაც ტრანსპორტის ეფექტიანობას ზრდის. ამასთან, ROPETAXI-ის კაბინები სტაბილურობას ჩასხდომა-გადმოსხდომის დროსაც ინარჩუნებს, რაც მგზავრობის საშუალებას ნებისმიერ მგზავრს აძლევს, მათ შორის ხანშიშესული ადამიანებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
როგორც კომპანიაში ამბობენ, Bartholet-ის მიერ შექმნილი როუპ-ტაქსი მდგრად ეკონომიკურ და ეკოლოგიურ კონცეფციას ეფუძნება, რაც ამცირებს, როგორც ენერგოდანახარჯებსა და ცვეთას, ასევე საოპერაციო ხარჯს.