მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბაჟოზე სანქცირებული პროდუქტის გადატანის მცდელობები იყო, მებაჟეებმა არაერთი ფაქტი აღკვეთეს - კაკაურიძე

62ab38f4e1ae1
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.22 18:14
997
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სხვადასხვა ქვეყნის მიერ სანქცირებული საქონლის კონტროლი მაქსიმალურად ზედმიწევნით ხორციელდება. ამის შესახებ მან ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრებთან „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ წარდგენისას ისაუბრა.

გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განმარტა, რომ სანქცირებული პროდუქტების ჩამონათვალი თითოეულ ქვეყანის შემთხვევაში სხვადასხვაა და ეს პროდუქტები ექსპორტისა და იმპორტის შემთხვევაში ერთნაირი არ არის.

„ყველა საბაჟო პუნქტზე არის შესაბამისი მოდული, რომელშიც რისკების შეფასების ჩამონათვალია - რა პროდუქტები არ უნდა გატარდეს საზღვარზე და რა პროდუქტები უნდა შემოწმდეს, რათა გაირკვეს - არის თუ არა პროდუქტი სანქციის მიმღები ქვეყნიდან. ამ მოდულისთვის ღია საჯარო დოკუმენტის გამოცემა არ არის მიღებული, რადგან ის მოიცავს არა მხოლოდ სანქციების ნაწილს, არამედ იმასაც, თუ როგორ მუშაობს საბაჟო სამსახური. ეს მოდულები ახლა არ შექმნილა და მანამდეც არსებობდა. ვერც ერთი მებაჟე თავის თავზე ვერ იღებს გადაწყვეტილებას რომელი პროდუქტი გაატაროს და რომელი არა, ამას მოდული განსაზღვრავს...

მე მაქვს ინფორმაცია, რა გააკეთა საბაჟო სამსახურმა და რა პროდუქტის გადატანის საშუალება არ მისცა. ეს ყოველდღიურად და ხშირად ხდებოდა, განსაკუთრებით თავდაპირველ პერიოდში. რათქმაუნდა, გადატანის მცდელობა იყო და აღკვეთეს, მათ შორის მახსოვს იყო გარკვეული აპარატურის, სურსათის გადატანის მცდელობა, რომელიც იყო ევროპაში წარმოებული“, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ და დასძინა, რომ თითოეული პროდუქტი განსხვავებულად მოწმდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კონტრაბანდული საქონლის ქვეყნიდან ქვეყანაში გადატანის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მსგავსი ფაქტები ყველა პერიოდში ფიქსირდებოდა და ამის სრულად თავიდან აცილება, ფაქტობრივად შეუძლებელია ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაშიც კი.

„არ გამოვრიცხავ, რომ ნარკოტიკული საშუალება ან სამართლებრივად აკრძალული რომელიმე ნივთიერება ერთი ქვეყნიდან მეორეში გადატანილიყო -  იქნებოდა ეს ომის პერიოდი თუ არაომის პერიოდი. იმას ვერავინ გამორიცხავს, რომ რომელიმე ნივთიერება ან ჩვენგან ან ჩვენს გარეშე რუსეთში შევიდეს, ამას ვერავინ გადააზღვევს.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად ხედავენ ამერიკის საბაჟო სამსახურები, როგორ მუშაობს საქართველოს საბაჟო, ამაზე ინფორმაციის მიმოცვლაც გვქონდა; ბრიტანეთის საფინანსო სექტორი ამის კარგ ზედამხედველობას აკეთებს და დამერწმუნეთ, სადაც ლეგალური კონტროლის წყაროები არსებობს, ეს მაქსიმალურად კონტროლდება“, - განაცხადა კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები