მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო ჰოლდინგებმა შეიძლება ვირტუალური ოპერატორები შექმნან და აბონენტები გადაიბირონ - "სილქნეტი" მარეგულირებელს აფრთხილებს

61cc706161f11
შოთა ტყეშელაშვილი
29.12.21 19:35
4298
პარლამენტში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურის ანგარიშს მოუსმინეს. განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს უმსხვილესი მობილური ოპერატორების - “მაგთის” და “სილქნეტის” მფლობელები, რომლებმაც კომისიის საქმიანობა გააკრიტიკეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც სხდომა შეეხებოდა, იყო MVNO-ს ანუ ვირტუალური ოპერატორის დანერგვის “ექს-ანტე” რეგულაცია, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს და რომელსაც "მაგთი" და “სილქნეტი” ეწინააღმდეგებიან. სხდომაზე “სილქნეტის” დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუკი რეგულაცია არსებული სახით დარჩება, მისი ამოქმედების შემდეგ შესაძლოა, "ვირტუალური ოპერატორები” ბანკებთან ასოცირებულმა ჰოლდინგებმა შექმნან და კომუნიკაციების კომპანიებისგან აბონენტები გადაიბირონ.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც “სილქნეტის” დამფუძნებელი შეეხო, იყო ამ რეგულაციის ევროპული გამოცდილება, კერძოდ, ფაქტი, რომ “ექს-ანტე” წესით ვირტუალური ოპერატორების დანერგვის წესი ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან მხოლოდ 5-ში განხორციელდა, ხოლო 2007 წლის შემდგომ EU-ს არცერთ ქვეყანას ანალოგიური რეგულაციები არ მიუღია.

სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო “ექს-პოსტ” სახით ვირტუალური ოპერატორის დანერგვის წესს. გიორგი რამიშვილის განმარტებით, კომუნიკაციების კომისიასთან არსებული შეთანხმების მიხედვით, თუკი გაფორმდებოდა სერვისების მიწოდებისს კონტრაქტი, რომელიმე კომპანიასთან, ვირტუალური ოპერატორის შექმნას გეგმავდა, მაშინ კომუნიკაციების კომისია აღარ დანერგავდა “ექს-ანტე” წესით ვირტუალური ოპერატორის რეგულაციას. სწორედ ამას შეეხებოდა გიორგი რამიშვილის კითხვაც, თუ როდის გააუქმებდა კომისია “ექს-ანტე” წესით ვირტუალური ოპერატორის შემოღების რეგულაციას.

გიორგი რამიშვილის კითხვა კომუნიკაციების კომისიას:

“მინდა, რაღაც თემები დავაზუსტო, რომ საზოგადოებისთვის ეს იყოს გასაგები, MVNO-სთან დაკავშირებით. ეს წესები ევროკავშირის 27 ქვეყნიდან მხოლოდ 5 ქვეყანაში იქნა შემოღებული “ექს-ანტე” რეგულაცია. ეს პრინციპში არის იძულებითი და არა-ევროპული რეგულაცია. კვიპროსში; ირლანდიაში; მალტაში; სლოვენიასა და ესპანეთში გაკეთდა მხოლოდ. 2007 წლის შემდეგ აღარ მომხდარა ამ “ექს-ანტე” რეგულაციის შემოღება ევროკავშირში. ეს ნიშნავს, რომ ამან არ გაამართლა. რაც შეეხება ფასებს, ევროკავშირში სლოვენია არის ყველაზე დაბალი ერთ აბონენტზე შემოსავლის მქონე ქვეყანა, ეს არის 16 ევრო; რომ შევადაროთ საქართველოს, აქ არის 2.5 დოლარი. იმის თქმა, რომ ფასები მაღალია საქართველოში, ასე არაა, პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ბოლოდან მეორეა ჩვენი დასკვნით, რომელიც კომპანია “მეისონთან” ერთად გავაკეთეთ. რაც შეეხება “ექს-ანტე” და “ექს-პოსტ” რეგულაციას, მთელ ევროპაში მიღებულია “ექს-პოსტ” რეგულაცია.

ჩვენ ორწლიანი დებატები გვქონდა, აზრთა სხვადასხვაობა და კამათი, საუბარი ბატონ კახასთან [ბექაური] და ბატონ ვახტანგთან [აბაშიძე], მივედით შეთანხმებამდე. შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ ჩვენ - "სილქნეტმა" საკუთარ თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ჩვენ გავაკეთებთ “ექს-პოსტ” რეგულაციით ანუ ნებაყოფლობით, ურთიერთსასარგებლო და ურთიერთმოლაპარაკებით და არა იძულებით და მარეგულირებლის მიერ მითითებული ფასებით, არამედ ურთიერთშეთანხმებით, ისე როგორც მთელ ევროპაში არის ახლა.

ამ ფორმით მოვაწერეთ ხელი 3 დეკემბერს და ეს კონტრაქტი გადაგზავნილია მარეგულირებელთან ანუ ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ. განცხადება იყო ბატონი კახასი, რომ როგორც კი მოეწერება ხელი პირველ კონტრაქტს და არა ამუშავება, ანუ კონტრაქტს როგორც კი მოეწერება ხელი, რადგან ხელმოწერა არის ჩვენი საქმე და რას გააკეთებს ის კონტრაქტორი, არის უკვე მისი საქმე და ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა ვერ ავიღებთ, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იმუშავებს.

იმედი მაქვს, რომ ეს იქნება “ექს-პოსტ” სისტემით და არ იქნება “ექს-ანტე” წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც “მეისონის”, ასევე DLA Piper-ის დასკვნები, სადაც ძალიან მაღალი რისკები იყო აღწერილი, თუ იქნებოდა ეს “ექს-ანტე” წესით.

ვცდილობ, საყოველთაო ენით ავხსნა, რადგან ეს არის დარგი, სადაც იმდენი ცვლადია და იმდენი დეტალი და ტერმინია, რომ ბევრმა შეიძლება ვერ გაიგოს.

მაგალითად, საქართველოს საბანკო ლანდშაფტში, ფაქტობრივად, ორი ბანკს შორის არის გაყოფილი ბაზრის უდიდესი ნაწილი და ეს ბანკთა ჯგუფები, რომლებიც არიან მეპატრონეები ამ ბანკების, მათ აქვთ უდიდესი ლევერიჯი ანუ საშუალება, რომ ამ “ექს-ანტე” რეგულაციით გადაქაჩონ კარგი აბონენტების მაქსიმალური რაოდენობა, რადგან ხელში უჭირავთ იმდენი ძლიერი ბერკეტი.

ამ რეგულაციის პრობლემურობის დასადასტურებლად, ჩვენ Dentons-ის დასკვნაც გვაქვს მოტანილი და თანდართული ყველა ჩვენ საგნობრივ საუბარში. შევთანხმდით ჩვენ მარეგულირებელთან და აქ იმყოფებიან კომისიის წევრები. ჩვენ შევთანხმდით მარეგულირებელთან, რომ როგორც კი მოეწერება ხელი პირველ კონტრაქტს, მარეგულირებელი გადის “ექს-ანტე” რეგულაციიდან. ჩემი შეკითხვაც ეს არის, როდის გახვალთ ამ რეგულაციიდან? ჩვენ ჩვენი პირობა უკვე შევასრულეთ, კონტრაქტი უკვე გაქვთ გადმოგზავნილი,” - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

კომუნიკაციების კომისიის პასუხი:

კახა ბექაურის განცხადებით, ჯერჯერობით, კომუნიკაციების კომისიას არ აქვს განსაზღვრული წესები, რომლითაც “ექს-ანტე” ვირტუალური ოპერატორის შემოღების წესებს გააუქმებს, შესაბამისად, ის მთელი კომისიის სახელით ვერ ისაუბრებს. ამასთან, ბექაური ამბობს, რომ მობილურ ოპერატორსა და ვირტუალური ქსელის მომავალ ოპერატორს შორის მხოლოდ კონტრაქტის გაფორმება საკმარისი არაა და რეალური მაგალითი იქნება თუკი ვირტუალური ოპერატორი მართლაც შეიქმნება. ამასთან აღნიშნული კომპანია იმისთვის, რათა კომისიამ “ექს-ანტე” წესი გააუქმოს, არ უნდა იყოს მობილურ ოპერატორთან ურთიერთდაკავშირებული პირი.

“დღეს “ექს-ანტე” რეგულაცია მოქმედი არ არის. მისი ამოქმედების ვადა კომისიის გადაწყვეტილებით, დადგენილია 2022 წლის 31 დეკემბრიდან, რაც შეეხება გამოსვლის წინაპირობებს თქვენ კომისიის თავმჯდომარეს უსვამთ კითხვას იმ საკითხზე, რაც მომავალში კომისიამ შეიძლება მიიღოს. კომისია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც კოლეგიურად იღებს გადაწყვეტილებას 5 წევრის ხმათა უმრავლესობით. დღეს რომ კომისიის მომავალ გადაწყვეტილებაზე პირდაპირი და ნათელი განმარტება მოგცეთ თავად ხვდებით ეს რამდენად არასწორი იქნება ჩემი მხრიდან, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთ გადაწყვეტილებაში მე მხოლოდ ერთი ხმა მაქვს.

გეტყვით უშუალოდ ჩემ პოზიციას - თქვენ თქვით და ხაზი გაუსვით, რომ ჩვენ შეთანხმებული ვართ და კომისიასთან არის თანხმობა, ცხადია ეს ოფიციალური მიწერ-მოწერა არსებობს. კითხვაზე თუ რა განაპირობებდა “ექს-ანტე” რეგულაციის გაუქმებას და განაპირობებდა თუ არა ერთი პრეცედენტი მაინც ვირტუალური ოპერატორის დაშვების ჩვენ ამაზე საკმაოდ დეტალურად გიპასუხეთ, თუ არ ვცდები ორჯერ თუ სამჯერ იყო მოწერილი და მაქსიმალურად დაზუსტებული პასუხი გითხარით, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ჩვენ დღეს ვერ გეტყოდით მომავლის გადაწყვეტილებას. ასევე ჩვენ წერილში განვმარტეთ ცოტა განსხვავებულად, ვიდრე თქვენ, როდესაც თქვით, რომ მხოლოდ კონტრაქტის დადებით ჩვენთვის იქნებოდა მოცემულობა, რომ “ექს-ანტე” წინასწარი მოთხოვნა გაუქმდებოდა, ჩვენ ასეთი არც პოზიცია გვქონია და არც იმ წერილშია ეს აღნიშნული. იმ წერილში აღნიშნულია ასეთი რამ, რომ ამის წინაპირობა შესაძლოა დამდგარიყო და კომისია განიხილავდა წინასწარი რეგულაციის გაუქმების საკითხს იმ შემთხვევაში თუ არა-ურთიერთდამოუკიდებელი პირის მიერ დაიდებოდა ვირტუალურ ოპერატორთან კონტრაქტი და დაიწყებოდა პრაქტიკული საქმიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ დაშვება მოხდა და ტელესაკომუნიკაციო სერვისების პრაქტიკული გაწევა დაიწყო მობილურმა ოპერატორმა. თუკი ასეთი მოცემულობა დაგვიდგება, დღესაც ვიმეორებ, რომ ჩვენთვის ეს საფუძველი გახდება, რომ “ექს-ანტე” რეგულაციის გაუქმების საკითხი განვიხილოთ,” - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

ვინ არიან ვირტუალური ოპერატორები?

ვირტუალური ოპერატორები არიან კომპანიები, რომლებსაც საკუთარი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ, მაგრამ მობილურ ბაზარზე შემოდიან და ისეთივე მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებელს, როგორსაც სხვა უკვე კარგად ცნობილი მობილური ოპერატორები. სერვისის მისაწოდებლად კი ვირტუალური ოპერატორები მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიების ინფრასტრუქტურას იყენებენ, როგორიცაა “მაგთი”, “სილქნეტი” და “ვიონი”.

მობილურ ოპერატორებს გააჩნიათ ვალდებულება ღია დაშვების პრინციპით მიაწოდონ მსგავს ვირტუალურ ოპერატორებს სერვისები. თავად ამ ცვლილების დანერგვა სხვადასხვა გზით შეიძლება მოხდეს. ერთია "ექს-ანტე" რეგულაციები, რომლითაც მარეგულირებელი დეტალურად განსაზღვრავს საკონტრაქტო პირობებს და ვალდებულებებს რომლებიც ფიზიკური ქსელის მქონე მობილური ოპერატორების მიერ ვირტუალური ოპერატირებისთვის იქნება შესათავაზებელი. "ექს-ანტე" წესების დროს, ფიზიკური ქსელის მქონე მობილური ოპერატი ვალდებულია კომისიის მიერ დადგენილი პირობებით გაწიოს მომსახურება."ექს-პოსტ" წესებით კი ვირტუალური ოპერატორობის მსურველ კომპანიასა და ფიზიკური ქსელის მქონე მობილურ ოპერატორს შორის დგება ინდივიდუალური შეთანხმება და მხარეები ხელს აწერენ იმგვარ პირობებს, რომლებიც მათთვის არის მისაღები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები