"მყარი და მდგრადი რჩება საქართველოს საბანკო სისტემა, რომელიც კარგად არის კაპიტალიზებული, ინარჩუნებს ლიკვიდობის ძლიერ ბუფერებს და სოლიდურ მომგებიანობას აჩვენებს. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, კაპიტალზე უკუგებამ 22.4% შეადგინა, ხოლო აქტივების ხარისხი კვლავ მაღალია", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თბილისში გამართულ საერთაშორისო საბანკო კონფერენციაზე.
თბილისში "ქართუ ბანკის" და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) ორგანიზებით 51-ე საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელსაც 100-მდე სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის 250-ზე მეტი დელეგატი ესწრება. კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ნათია თურნავა, რომელმაც საქართველოს საბანკო სექტორის მაჩვენებლების და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების შეფასებების შესახებ ისაუბრა.
"უმოქმედო სესხების მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ დონეზე, მხოლოდ 2.47%-ზე ნარჩუნდება. საკრედიტო აქტივობა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად აგრძელებს გაფართოებას. 2026 წლის თებერვალში საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა 14.3%-ს მიაღწია, რაც ძირითადად ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტებით იყო განპირობებული.
S&P Global Ratings" ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საბანკო რეგულირება რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა, ხოლო ჩვენი აქტივების ხარისხი საუკეთესოთა შორისაა. ფინანსური სექტორის ძლიერი მაჩვენებლები, მყარ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ ფაქტორებთან და ღია, ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოსთან ერთად, საერთაშორისო ინვესტორებსა და კომპანიებს მხარდამჭერ საფუძველს უქმნის და ჩვენ მივესალმებით გლობალურ მოთამაშეებს ჩვენს ბაზარზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების ზომამ 68 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 18.5%-ით არის გაზრდილი. დაკრედიტება კი წლიურად 14.2%-ით, 71 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გასულ წელს კომერციულმა ბანკებმა 3.3 მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც 2024 წელს არსებულ მოგებასთან შედარებით 200 მილიონი ლარით მეტი იყო.




























