საბერძნეთი ახალი ინიციატივით გამოდის, ოკეანის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სანაპიროების დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად შემუშავებული 21 პროექტი 780 მილიონი ევროთი დააფინანსოს - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა, 15 აპრილს, ათენში ოკეანის საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.
ინიციატივის ფარგლებში საბერძნეთი, რომელიც ათასობით კუნძულისგან შედგება და ხმელთაშუა ზღვაზე ყველაზე გრძელ სანაპირო ზოლს ფლობს, ორი საზღვაო პარკის აშენებას გეგმავს - მათგან ერთი იონიის ზღვაში, მეორე კი - ეგეოსის ზღვაში მოეწყობა.
მიცოტაკისის თქმით, საბერძნეთი “ჩუმად, თუმცა მეთოდურად” მუშაობს იმისთვის, რომ წამყვანი როლი შეასრულოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც რეგიონს განსაკუთრებულად აწუხებს.
ზღვის ბიომრავალფეროვნების დასაცავად ეროვნულ სტრატეგიას საბერძნეთი “ჩვენი ოკეანის” საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგენს, რომელსაც წელს ათენში 120 ქვეყნის დელეგატი დაესწრება.
ამავე დროს, კონფერენციის მონაწილე ქვეყნები, 400-მდე ახალ ვალდებულებას აიღებენ, რომელთა საერთო ღირებულება ათ მილიარდ დოლარს აღემატება.
ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სააგენტოს ინფორმაციით, ოკეანის ტემპერატურამ თებერვალში რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ჭარბი თევზჭერა და პლასტმასით დაბინძურება ზღვის მრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, საბერძნეთი 2030 წლისთვის წყლის პლასტმასით დაბინძურების 50%-ით შემცირებას გეგმავს.