რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსის“ გენერალური დირექტორი, მედიცინის დოქტორი და ექიმი რეპროდუქტოლოგ-ანდროლოგი თემურ გაგნიძე სოციალურ ქსელში სუროგაციის შესაძლო აკრძალვას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სახელმწიფომ გარდამავალი პერიოდი სულ მცირე 2027 წლის ბოლომდე უნდა განსაზღვროს.
გაგნიძის განცხადებით, სუროგაციის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებმა არ უნდა დააზარალოს უკვე დაწყებული სამედიცინო პროცესები, მოქმედი ხელშეკრულებები და სფეროში დასაქმებული ადამიანები. მისი შეფასებით, ახალი რეგულაციების მოკლე ვადაში ამოქმედებამ შესაძლოა მძიმე ფინანსური შედეგები გამოიწვიოს კლინიკებისთვის, ექიმებისა და სხვა სპეციალისტებისთვის, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე აღებული აქვთ პროფესიული, სახელშეკრულებო და ფინანსური ვალდებულებები, მათ შორის საბანკო სესხები.
„ჩემი მოკრძალებული, მშვიდი არგუმენტირებული და პასუხისმგებლობის გრძნობაზე ორიენტირებული გზავნილი/კომენტარი არის ის ,რომ სუროგაციის რეგულირების საკითხზე მსჯელობისას ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, როგორ აისახება საკანონმდებლო ცვლილება უკვე დაწყებულ სამედიცინო პროცესებზე, მოქმედ ხელშეკრულებებსა და სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე.
თუ სახელმწიფო სუროგაციის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ახალი წესების ამოქმედების ვადები და გარდამავალი პირობები თავად საკანონმდებლო ცვლილების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.
მოქმედი რეგულაციების საფუძველზე კლინიკებს, ექიმებს, ემბრიოლოგებსა და სხვა სპეციალისტებს აღებული აქვთ პროფესიული, სახელშეკრულებო და ფინანსური ვალდებულებები. მათ შორისაა საბანკო სესხები და სხვა გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები.
ახალი წესების მოკლე ვადაში ამოქმედებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი მძიმე ფინანსური შედეგები გამოიწვიოს სამედიცინო დაწესებულებებისთვის, სფეროში დასაქმებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პაციენტებსა და სუროგაციის პროცესის სხვა მონაწილეებს. გარდამავალმა დებულებებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვროს, რა პირობებით გაგრძელდება უკვე დაწყებული მკურნალობა, როგორ შესრულდება დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები და როგორ იქნება დაცული თითოეული მხარის უფლებები“.
თემურ გაგნიძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებისას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება უნდა განიხილონ. მათ შორისაა გარდამავალი პერიოდის დაწესება სულ მცირე 2027 წლის ბოლომდე, უკვე დაწყებული სამედიცინო და სამართლებრივი პროცესების დაცვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის შესაძლებლობის შენარჩუნების საკითხი მკაფიოდ განსაზღვრული პირობებითა და სახელმწიფო ზედამხედველობით.
მისი შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია სფეროში მოქმედი პირების პასუხისმგებლობის განსაზღვრა და უცხოელი ინვესტორებისა და კომპანიების საქმიანობის რეგულირების ცალკე განხილვა.
„ამ გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, საკანონმდებლო განხილვის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი საკითხები.
- გარდამავალი პერიოდის დაწესება სულ მცირე 2027 წლის ბოლომდე, რათა კლინიკებსა და სპეციალისტებს ჰქონდეთ საკმარისი დრო საქმიანობის ახალ მოთხოვნებთან მისასადაგებლად და აღებული ფინანსური ვალდებულებების მოსაწესრიგებლად.
- უკვე დაწყებული სამედიცინო და სამართლებრივი პროცესების დაცვა, მათ შორის, მკაფიო კრიტერიუმების განსაზღვრა იმის შესახებ, თუ რომელი პროცესები ექვემდებარება გარდამავალ წესებს და რა პირობებით შეიძლება მათი გაგრძელება ან დასრულება.
- საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის შესაძლებლობის შენარჩუნების განხილვა მკაფიოდ განსაზღვრული პირობებისა და მკაცრი სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში.
- საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, რომელიც დაადგენს სფეროში მოქმედი პირების პასუხისმგებლობას, დაიცავს პაციენტებისა და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებებს.
- უცხოელი ინვესტორებისა და უცხოური კომპანიების საქმიანობის რეგულირების ცალკე განხილვა, მათ შორის, საქმიანობის პირობების, ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის მექანიზმების განსაზღვრა“.
გაგნიძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ სუროგაციის პოლიტიკის გადახედვისას აუცილებელია არა მხოლოდ ცვლილების მიზნების, არამედ იმ ადამიანების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების გათვალისწინებაც, რომლებმაც გადაწყვეტილებები მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მიიღეს.
მისი თქმით, თუ საბოლოო გადაწყვეტილება სუროგაციის აკრძალვას ითვალისწინებს, მისი ამოქმედება ეტაპობრივად, წინასწარ განსაზღვრული ვადებითა და მკაფიო გარდამავალი დებულებებით უნდა მოხდეს.
„სახელმწიფოს მიერ სუროგაციის პოლიტიკის გადახედვისას სამართლიანი მიდგომა მოითხოვს , როგორც ცვლილების მიზნების, ისე იმ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას, რომლებმაც გადაწყვეტილებები მოქმედი წესების საფუძველზე მიიღეს.
ამ ინტერესების შეფასება მნიშვნელოვანია ,როგორც პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის, ისე იმ სპეციალისტებისა და დაწესებულებებისთვის, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ მათ წინაშე პასუხისმგებლობა.
თუ საბოლოო გადაწყვეტილება სუროგაციის აკრძალვას ითვალისწინებს, მისი ამოქმედება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, წინასწარ განსაზღვრული ვადებითა და მკაფიო გარდამავალი დებულებებით. თითოეულ მხარეს წინასწარ უნდა ჰქონდეს პასუხი, როდის შეეხება მას ცვლილება, როგორ შეძლებს უკვე აღებული ვალდებულებების შესრულებას და რა მექანიზმებით იქნება დაცული მისი უფლებები“.
შეგახსენებთ: მმართველმა პარტიამ სუროგაციის აკრძალვა კიდევ ერთხელ დააანონსა, ამჯერად - საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე კი შეზღუდვა არ გავრცელდება და ამ სერვისით როგორც ქართველები, ისე უცხოელები ისარგებლებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ახალ დოკუმენტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და კონკრეტული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
























