მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად არის განთავსებული საპენსიო დანაზოგები?

საპენსიო სააგენტო

საქართველოში 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა, რომელშიც 1.3 მილიონი მოქალაქე მონაწილეობს. ამ მოქალაქეთა ყოველთვიური სახელფასო შემოსავლის 6% დაგროვებით სისტემაში მიიმართება. საპენსიო მოდელის მიხედვით, მოქალაქეები მათ მიერ დაზოგილ პენსიას სახელმწიფო (საბაზისო) პენსიასთან ერთად მიიღებენ, შესაბამისად მათ ორსაფეხურიანი პენსია ექნებათ. 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის ზომა 4,622,000,000 ლარს შეადგენს.

შედარებისთვის, 2024 წელს საქართველოს მთავრობა 840 ათას პენსიონერის საპენსიო უზრუნველყოფაზე 3,930,000,000 ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 წლის განმავლობაში საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხები მხოლოდ 18%-ით აღემატება იმ თანხას, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი არსებული პენსიონერებისთვის საბაზისო პენსიების სახით გასცემს. ამასთან, ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოს საპენსიო ფონდის ზომა 1.4 მილიარდი ლარით გაიზარდა.

არსებული მდგომარეობით, მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების 99%, ანუ 4.57 მილიარდი ლარი დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში არის განთავსებული. აღნიშნული პორტფელის 80% ქართულ საინვესტიციო აქტივებში არის ინვესტირებული, 20% კი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული და მისი მეშვეობით საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე არის ინვესტიციები განხორციელებული. შესაბამისად, პორტფელის 57% ქართული ბანკების ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატებში დევს, 16% დევს საქართველოს სახაზინო ობლიგაციებში, 18.7% გლობალურ კორპორატიულ აქციებში, 6.5% ბანკის მიმდინარე ანგარიშებზე, 0.9% ადგილობრივ კორპორატიულ ობლიგაციებში, 0.5% კი ევროობლიგაციებში.

საპენსიო სააგენტოს თებერვლის თვის საინვესტიციო ანგარიშში დამატებითი ინფორმაცია არის წარმოდგენილი იმ გლობალური საფონდო ინდექსების შესახებ, სადაც სააგენტოს თანხა (870 მილიონი ლარი) აქვს დაბანდებული:

“2024 წლის თებერვალი გლობალური აქციების ბაზრებისთვის საკმაოდ კარგი აღმოჩნდა. აშშ-ში S&P 500 ინდექსმა, რომელიც ამერიკის 500 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს, 4 თვიანი ზრდა განაგრძო, და SPY (რომელიც კონსერვატიული პორტფელის აქციების 42.5%-ს შეადგენს) თებერვალში 5.2%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა ძირითადად ეკონომიკური მაჩვენებლების გაჯანსაღებასთან, რეცესიისგან თავის არიდებასა და საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში იანვრის სამომხმარებლო ფასების საბაზო ინფლაციამ (წლიური 3.1%) მოლოდინებს (2.9%) გადააჭარბა, პერსონალური მოხმარების დანახარჯების საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი დაემთხვა ბაზრის მოლოდინებს და 2.8% შეადგინა. მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებელმა ივნისში ფედერალური რეზერვის მხრიდან საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინები 63%-მდე შეამცირა, ეს მაჩვენებელი ერთი თვის წინ 87% იყო. ევროპაში VGK ფონდი, რომელიც კონსერვატიული პორტფელის აქციების 17.4%-ს შეადგენს, თებერვალში 2.4%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ევროპაში ინფლაციისა (იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8%, ხოლო დეკემბერში 2.9% შეადგინა) და საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელ შემცირებას უკავშირდება. თებერვალი ასევე დადებითი აღმოჩნდა სხვა რეგიონების აქციების ბაზრებისთვისაც, ფასები გაიზარდა აზია-წყნარი ოკეანის (VPL თ/თ +3.7%), განვითარებადი ბაზრებისა (VWO თ/თ +3.5%) და ლათინური ამერიკის (ILF თ/თ +0.9%) ბაზრებზე,”- ნათქვამია საპენსიო ფონდის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები