მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად განთავსდება „ბოთლიყლაპია“ აპარატები? - „ტენე“

63ca32431b7e4
თათია კაკიაშვილი
20.01.23 23:55
5294
„იტალიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენაზე ვიყავი, სადაც ე.წ. “ბოთლიყლაპია” აპარატი ვნახე, რომელიც ბოთლის ჩაბარების სანაცვლოდ, მომხმარებელს ქულას არიცხავდა... გადავწყვიტე, ასეთივე ტექნოლოგია ჩვენთანაც დამენერგა“ - ამის შესახებ BMG-ის ეკომეგობრული USB სადენების მწარმოებელი ქართული კომპანია „ტენეს“ დამფუძნებელმა სანდრო ლილუაშვილმა უთხრა.

მისი თქმით, სულ მალე „ბოთლიყლაპია“ აპარატები თბილისში, ხალხმრავალ ადგილებში გამოჩნდება და თითო ჩაბარებული ბოთლის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ვირტუალურ ქულებს დაურიცხავს. თითო ქულა თითო ლარის ეკვივალენტური იქნება და მომხმარებელს დაგროვილი ვირტუალური თანხის დახარჯვა „ტენეს“ USB სადენების შესაძენად გამოადგებათ.

„ამას ვაკეთებთ მარკეტინგული კუთხით, რადგან პლასტმასას ბოთლების ჩაბარება გვინდა და ამავდროულად დავარიცხავთ ქულებს. ეს ქულები არ იქნება რეალური ფული, იქნება ვირტუალური ლარები და ამით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ჩვენი პროდუქცია უფრო დაბალ ფასში შეიძინონ, ვიდრე - აქამდე შეეძლოთ. “ბოთლიყლაპია” აპარატებს დავდგამთ ხალხმრავალ ადგილებში, სუპერმარკეტების და სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების, სკოლების წინ, სადაც დიდი მოძრაობაა და ხალხი დიდი რაოდენობით ბოთლებს ჩაყრის. ქულები დაირიცხება და მათი გამოყენება მოხერხდება მხოლოდდამხოლოდ ჩვენი კომპანიების - “ტენესა” და “ჯინვენტორის” საიტებზე,“ - განაცხადა სანდრო ლილუაშვილმა.

„ბოთლიყლაპია“ აპარატის გარდა, „ტენემ“ რამდენიმე დღის წინ მორიგი აქციაც დააანონსა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩაბარების სანაცვლოდ, ვირტუალურ ანგარიშზე ქულები დაერიცხება, ხოლო იდენტიფიცირება მობილური ტელეფონის ნომრებით მოხდება. აქციაში ჩასართველად, მომხმარებლები „ჯინვენტორის“ ვებ-გვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ და პლასტმასის ბოთლის, თავსახურის, თუნუქის ქილის, ცელოფნის პარკის და სხვა ნივთების ნაგვის ურნაში ჩაყრის ნაცვლად, ნარჩენები „ტენეს“ უნდა ჩააბარონ. ჩაბარება „ტენეს“ ოფისში - თბილისში, სოხუმის ქუჩაზეა შესაძლებელი, სამომავლოდ კი კომპანია დამატებითი ჩაბარების პუნქტის გახსნასაც გეგმავს.

„ცნობიერების ამაღლების მიზნით, გადავწყვიტეთ, წამოვიწყოთ კამპანია, რომ ჩავიბაროთ მაქსიმალურად მეტი დასახელების სხვადასხვა სახის პლასტმასი, არა მარტო ბოთლი და თავსახური, არამედ - კბილის ჯაგრისი, ან პარფიუმერიის ტუბი და ამის სანაცვლოდ, მომხმარებელს შევთავაზოთ ქულები. ამან ძალიან კარგი გამოხმაურება და დიდი დაინტერესება გამოიწვია და ვფიქრობ, დადებითად აისახება მომხმარებლის ცნობიერებაზე. დღესდღეობით, თანამედროვე კომპანიებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ წყლის ზედაპირზე დარჩნენ და არ ჩაიძირონ, აუცილებლად უნდა აიღონ ზუსტად ასეთი სახის სოციალური პასუხისმგებლობები, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ გარემოს,“ - დასძინა სანდრო ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, ეკომეგობრული USB სადენების მწარმოებელი ქართული კომპანია „ტენე“ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს, გასული წლის დასაწყისში კი კომპანიამ საწარმო წეროვანში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში გახსნა, სადაც 30-მდე დევნილს ასაქმებს. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციამ 200 000 აშშ დოლარი შეადგინა, „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ბანკის ხელშეწყობით. „ტენეს“ საწარმოში დღიურად 600 USB სადენი მზადდება, მათი ნაწილი კი Amazon-ის საშუალებით აშშ-ში გადის ექსპორტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები