მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ღირს საწვავი ყველაზე ძვირი/იაფი - გლობალური ბაზრები და საქართველო

oil

გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასები მუდმივად განიცდის ცვლილებას, რასაც სხვადასხვა ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და შიდასახელმწიფოებრივი ფაქტორი განაპირობებს. პლატფორმა GlobalPetrolPrices-ის 2026 წლის 22-28 ივნისის კვირის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის ღირებულება მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.

GlobalPetrolPrices საავტომობილო საწვავის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საცალო ფასებს 150-ზე მეტ ქვეყანაში აკვირდება და ინფორმაციას ყოველკვირეულად აახლებს.

სად არის ყველაზე ძვირი და იაფი ბენზინი?

მსოფლიოში 95 ოქტანის ბენზინის საშუალო ფასი ლიტრზე 1.48 აშშ დოლარია.

როგორც წესი, ბენზინის ფასი ყველაზე მაღალია იმ ქვეყნებში, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი გადასახადებითა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე დამოკიდებულებით.

უახლესი რეიტინგის მიხედვით, ყველაზე ძვირი ბენზინის მქონე ქვეყნების სათავეშია ჰონგ-კონგი, სადაც ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასი $4-ს შეადგენს.

რაც შეეხება ყველაზე ხელმისაწვდომ ბენზინს, რეიტინგის თავში ტრადიციულად ნავთობის მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები გვხვდებიან. ამ მხრივ მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი ფიქსირდება ლიბიაში, სადაც ლიტრი ბენზინი მხოლოდ $0.02 ღირს. ყველაზე იაფი ბენზინის მქონე ქვეყნების სიაში ასევე შედიან ირანი და ვენესუელა.

დიზელის ფასები მსოფლიოში

მსოფლიოში დიზელის საშუალო ფასი ლიტრზე 1.50 აშშ დოლარია.

დიზელის საწვავზე ფასების დინამიკა ხშირად განსხვავდება ბენზინისგან, რადგან დიზელი მჭიდროდ არის დაკავშირებული სამრეწველო სექტორთან, ტრანსპორტირებასა და სატვირთო გადაზიდვებთან.

მიმდინარე კვირის მონაცემებით, დიზელი ყველაზე ძვირი კვლავ ჰონგ-კონგში ღირს, სადაც მისი ფასი ლიტრზე $4.5-ს აღწევს. მაღალი ტარიფებით ასევე გამოირჩევიან მალავი და სინგაპური.

საპირისპიროდ, ყველაზე იაფად დიზელის შეძენა შესაძლებელია ვენესუელაში, სადაც ლიტრის ღირებულება $0.004-ია. დაბალი ფასების რეიტინგში წამყვან პოზიციებზე არიან ასევე ირანი და ლიბია.

GlobalPetrolPrices-ის სპეციალისტების განმარტებით, სხვადასხვა ქვეყანაში საწვავის ფასებს შორის არსებული განსხვავებები ძირითადად ორი ფაქტორით - გადასახადებითა და სუბსიდიებით აიხსნება. ნავთობის საერთაშორისო ფასი ყველა ქვეყნისთვის მეტ-ნაკლებად იდენტურია, თუმცა საბოლოო საცალო ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცულობის აქციზსა და დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ) აწესებს კონკრეტული სახელმწიფო, ან პირიქით - რამდენად ახდენს იგი საწვავის სუბსიდირებას შიდა ბაზრის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

სად არის საქართველო?

GlobalPetrolPrices-ის მიხედვით, საქართველოში ლიტრი ბენზინის ღირებულება საშუალოდ $1.4-ია (≈₾3.7), დიზელის კი - $1.5 (≈₾4).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები