მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ჯდება ცხოვრება ყველაზე ძვირი/იაფი?

6401806cc2853
მარიამ იზორია
04.03.23 00:05
2148
ისეთ განვითარებულ ქალაქებში ცხოვრებას, როგორიც პირობითად ნიუ-იორკია, ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს, თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.  კონკრეტულ ქალაქში ცხოვრების სიძვირეს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის გადასახადები, ტრანსპორტირების ხარჯები, საქონლისა და მომსახურების ხელმისაწვდომობა, საცხოვრებელზე მოთხოვნა, ცხოვრების დონე, ასევე რამდენად კარგი დამსაქმებლები არიან ქალაქში არსებული ბიზნესები და ა.შ.

Visual capitalist-მა გამოცემა The Economist-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი 2022 წლის მონაცემების მიხედვით საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებულ და ყველაზე იაფიან ქალაქებს მოიცავს. საცხოვრებლად ყველაზე ძვირად ღირებული და იაფი ქალაქების რეიტინგის შესადგენად ეკონომისტებმა, 172 ქალაქში პროდუქტებსა და სერვისებზე არსებული ფასები გამოიკვლიეს.

რამდენადაც პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს თუ ქალაქში მცხოვრებთა უმეტესობას ისეთი პრობლემები აქვს, როგორიც მაგალითად საცხოვრებლისა და საკვების არქონაა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქალაქში ცხოვრება ძვირი ჯდება. ამასთან, თუ ინფლაციას მყარი ეროვნული ვალუტაც ემატება, ეს ნიშნავს რომ ქალაქი საცხოვრებლად კიდევ უფრო ძვირადღირებულია.

კვლევაზე დაყრდნობით 2022 წლის ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებს შორის პირველ ადგილს სინგაპური და ნიუ-იორკი ინაწილებდნენ. სინგაპურშიც და ნიუ-იორკშიც 2022 წელს მაღალი ინფლაცია იყო და ცხადია ამ ორ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ხარჯებიც გაეზრდებოდათ.

ეკონომისტების მიერ შედგენილ რეიტინგში მესამე ადგილს, ისრაელში მდებარე ქალაქი - თელავივი იკავებს. ინფორმაციისთვის: თელავივი ამავე რეიტინგში 2021 წელს პირველ ადგილზე იყო.

საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებს შორის რეიტინგის მეოთხე ადგილოსანი ქალაქი ჰონკონგია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ჰონგკონგში უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია და რეიტინგში ჰონკოგნის მეოთხე ადგილი სწორედ ამ ფაქტით არის განპირობებული.

ჰონკონგის შემდეგ ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგში ათეულს ლოს-ანჯელესი, ციურიხი, ჟენევა, სან ფრანცისკო, პარიზი და კოპენჰაგენი ავსებენ.

გამოცემა ეკონომისტის მიერ შედგენილმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე იაფი ქალაქების სიაში პირველ პოზიციებს აზიის ქალაქები ინარჩუნებენ. აზიის შემდგომ კი ცხოვრება ყველაზე იაფი ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქალაქებში ჯდება. ეს კი, ამ ქალაქებში არამდგრადი ვალუტით, სუსტი ეკონომიკით და პოლიტიკური ან ეკონომიკური არეულობით აიხსნება.

სირიაში, ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტებმა სირიის ვალუტა გააუფასურა. კონფლიქტებმა ქვეყანაში მაღალი ინფლაცია და საწვავის დეფიციტი გამოიწვია. ამ ყველაფერმა ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო შეასუსტა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის რომ სირიის დედაქალაქი დამასკო საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე იაფიანია. ცხოვრება იაფი ჯდება ლიბიისა და ირანის დედაქალაქებში - ტრიპოლსა და თეირანში - ესეც ამ ქვეყნების სუსტი ეკონომიკებით აიხსნება.

საცხოვრებლად ყველაზე იაფიანი ქალაქების რეიტინგს, აზიის შვიდი ქალაქი ავსებს. მათ შორის არის ტაშკენტი, ალმაათი, კარაჩი, და კოლომბო. ამ ქალაქებს შემოსავლების უთანასწორობა და დაბალი ხელფასები გამოარჩევს - სწორედ ეს ფაქტი ხსნის იმას, რომ ჩამოთვლილ ქალაქებში ცხოვრება ყველაზე იაფი ჯდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები