მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სად მიდიხარ, საქართველო?" - EU-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში

სპეც. წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისულ საკითხებში, ტოივო კლაარი, თბილისში რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და ოპოზიციაზე თავდასხმის სერიებსა და ანონიმურ ზარებს X-ის საშუალებით ეხმიანება. მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში მსგავსი ინციდენტების ადგილი არ არის.

"დღევანდელი დღე საზეიმო უნდა იყოს, თუმცა გული მტკივა. ჩვენი ურთიერთობა საერთო ღირებულებებსა და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, სადაც "ხალხის მტრების" სიებისა და ანონიმური ზარების ადგილი არ არის. სად მიდიხარ, საქართველო?" - წერს კლაარი.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ღამით თბილისში უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ენმ-ის წევრს დიმიტრი ჩიქოვანს, დიპლომატ გია ჯაფარიძეს და რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორ ლაშა ღვინიანიძეს.

მანამდე, 8 მაისის დილას, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" "მოძალადეთა გამჭვირვალე" ბაზას შექმნის. მისივე თქმით, მონაცემთა ბაზის მიზანი იქნება, რომ საზოგადოებას მორალური რეაქცია ჰქონდეს და იცოდეს, თუ ვინ ახორციელებს მათზე ზეწოლას. ამასთან, პაპუაშვილის განმარტებით, ბაზაში მოხვდება ყველა ის პირი, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარაში, ძალადობასა და შანტაჟშია ჩართული და/ან ამის მოწონებას საჯაროდ აფიქსირებს.