როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში და ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან, - ასე აფასებს ყოფილი სახალხო დამცველი, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ ე.წ. რუსული კანონი თავიდან დააინიცირონ.
“რატომ დააბრუნეს “რუსული კანონი”? ქართულ ოცნებას” უნდა “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” დაარქვას ყველას, ვინც საქმის კეთებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს ევროპიდან. ასეთ კანონებს რა მოჰყვება, რუსეთის მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ თვალნათლივ.
როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში (სტატუსი მოგვანიჭეს, ევრო 2024-ზე გავედით) და ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან.
არავითარი გაუმჭვირვალე და საფრთხის შემცველი ფული ევროპიდან საქართველოში არ მოდის, ყველაფერი ხდება საგადასახადო რეგისტრაციის, საბანკო გადარიცხვების, გადასახადების დეკლარირების და ა.შ. გზით“, - წერს ლომჯარია facebook-ში.
შეგახსენებთ, „ოცნება“ ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტში აბრუნებს. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა დააინიციროს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ზუსტად იგივე იქნება, ერთი განსხვავებით.