მზესუმზირის ზეთი 2025 წლის ივნისში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტი იყო. ოფიციალური სტატისტიკით, გასულ თვეში ზეთის ფასი წლის ჭრილში 28%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ზეთზე ფასი წინა თვეებშიც იზრდებოდა. კერძოდ, სამომხმარებლო ფასების სტატისტიკით, 2025 წელს მზესუმზირის ზეთის ფასის წლიური ცვლილება ასე გამოიყურება:
- იანვარი - ფასის ზრდა 13%
- თებერვალი - ფასის ზრდა 20%
- მარტი - ფასის ზრდა 21.4%
- აპრილი - ფასის ზრდა 23.4%
- მაისი - ფასის ზრდა 30.2%
- ივნისი - ფასის ზრდა 28.4%
ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის დიდი ნაწილი იმპორტულია. იანვარ-ივნისში საქართველომ 26.4 მლნ დოლარის, 19 422 ტონა ზეთი იყიდა. ეს ღირებულებაში აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის 20.4 მლნ დოლარის იმპორტს, თუმცა მოცულობით ჩამორჩება, რადგან 2024 წლის პირველ 6 თვეში 20 539 ტონა ზეთი ვიყიდეთ. შესაბამისად, მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ზეთის იმპორტი გაუძვირდა.
ზეთის იმპორტის უდიდესი წილი, 77% ერთ ქვეყანაზე - რუსეთზე მოდის. სწორედ რუსეთია იმპორტის გაძვირების მთავარი მიზეზი. წელს რუსეთიდან ზეთის იმპორტი ღირებულებაში 17%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც მოცულობა 17%-ზე მეტადაა შემცირებული.
2025 წლის 6 თვის სტატისტიკით, საქართველოსთვის ზეთის მომწოდებელი ძირითადი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
- რუსეთი - $20.1 მლნ, 14 937 ტონა;
- უკრაინა - $3.3 მლნ, 2 190 ტონა;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.3 მლნ, 1 293 ტონა;
- აზერბაიჯანი - $1 მლნ, 707 ტონა;
- უნგრეთი - $411.7 ათასი, 193 ტონა.
შედარებით მცირე, 100 ტონაზე ნაკლები ზეთი შემოვიდა ასევე თურქეთიდან და იტალიიდან.
ცნობისთვის, 2024 წელს საქართველომ 52 მილიონ 621 ათასი დოლარის ღირებულების 47 830 ტონა ზეთი შეიძინა. იმპორტის ღირებულება წლიურად 14,6%-ით, ხოლო იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა 11.5%-ით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წელს ზეთის იმპორტი გაძვირდა. ზეთის იმპორტში რუსეთის წილი 84.7% იყო.



























