მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო ინდუსტრიისთვის "ესტონური მოდელი" ამოქმედდა - რას ელის ბიზნესი?

ესტონური მოდელი

სადაზღვევო სექტორში დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდა. "ესტონური მოდელით", სადაზღვევო კომპანიებს განაწილებული მოგების გადასახადი 20%–დან 15%-მდე შეუმცირდებათ, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კი კომპანია ამ გადასახადისაგან გათავისუფლდება. სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ყოველწლიური მოგების გათვალისწინებით, ეს ქვეყანაში სადაზღვევო სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

როგორ აფასებენ სადაზღვევო დარგის წარმომადგენლები სიახლეებს და რა გავლენას იქონიებს მოგების გადასახადის ახალი მოდელი კომპანიებზე - BMG-ის ამ კითხვებს დღეს ქვეყანაში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა უპასუხეს.

"ესტონურ მოდელზე გადასვლას უკვე რამდენიმე წელია ველოდებით. ამოქმედება მოგვიტანს იმას, რომ კომპანიის კაპიტალიზაციას ხელს შეუწყობს. კომპანიები შეძლებენ, უფრო მეტი რესურსი გაიღონ, მეტი ინვესტიციები ჩადონ ტექნოლოგიებში და ა.შ. ამასთან, სადაზღვევო ინდუსტრიის მიმართ ინტერესი გაიზრდება. კანდიდატის სტატუსის მიღება, დაბეგვრის ახალ მოდელზე გადასვლა, ინტერესს გამოიწვევს და ძალიან მაგარი იქნება თუ 5-10 წლის განმავლობაში ისეთი მსხვილი სადაზღვევო კომპანიები შემოვა, როგორებიც ქვეყანაში არ გვყავს", - აცხადებს "არდის" გენერალური დირექტორი, მიხეილ ჯაფარიძე.

"ეს ერთ-ერთი გარღვევაა ინდუსტრიის განვითარებისთვის. მთელი ინდუსტრიის მოგებიანობა არის ძალიან დაბალი, იქიდან მიღებული გადასახადი ბიუჯეტისთვის მატერიალური არ იყო. ინდუსტრიისთვის ამ თანხის დატოვება გამოიწვევს იმას, რომ კომპანიები შეძლებენ, მეტი ადამიანი დაასაქმონ და დაზღვევის ინდუსტრიაში უფრო მეტი აქტივობა გააკეთონ. შედეგად, ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიები გაძლიერდება", - აღნიშნავს “ალდაგის” გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ სექტორის მოთამაშეთა დიდი ნაწილი ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედებას დადებითად აფასებს და შედეგად, კომპანიების გაძლიერებას ელის, ბიზნესში განსხვავებული აზრიც არსებობს. "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს" თავმჯდომარის მოადგილე, ნინა კობახიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, თუმცა, პირველ ეტაპზე, მას ხელშესახები გავლენა მხოლოდ იმ კომპანიებზე ექნება, რომლებიც ბანკებთან ასოცირებულები არიან.

"იქიდან გამომდინარე, რომ სადაზღვევო ბაზარი განსაკუთრებული მოგებიანობით არ გამოირჩევა, სანამ სავალდებულო ხასიათის შინაარსის პროდუქტები არ ამოქმედდება, არსებითი გავლენა არ შეიძლება ჰქონდეს [ესტონურ მოდელს]. ამ ეტაპზე განსაკუთრებული ეფექტის მომტანი, რა თქმა უნდა, ორი-სამი სადაზღვევოს გარდა შეიძლება არ იყოს, სადაც კონცენტრირებული საბანკო მოგებები ბრუნავს. მომავალი პერსპექტივის თვალსაზრისით, მისასალმებელია", - აცხადებს ნინა კობახიძე.

"ალდაგის" გენერალური დირექტორი ამ შეფასებას არ ეთანხმება. გიორგი ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ სარგებელი ყველა კომპანიაზე თანაბრად გავრცელდება, ბევრად მოგებიანი კი უფრო მცირე კომპანიებისთვის იქნება, ვიდრე მსხვილებისთვის.

"პირიქით უფო შევაფასებდი, პატარა კომპანიებისთვის ბევრად მოგებიანი იქნება "ესტონური მოდელი", ვიდრე დიდი კომპანიისთვის. ეს სარგებელი თანაბრად გავრცელდება ყველა იმ კომპანიაზე, რომელიც ოპერირებს. პატარა კომპანიებისთვის უფრო შვება იქნება. მათ დაეხმარებათ, რომ კომპანიები მოგებიანი გახდეს", - აღნიშნა გიორგი ბარათაშვილმა.

მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წლიდან დაინერგა. "აისეტის" მიერ რეფორმის შეფასების დოკუმენტის მიხედვით, 2017-2019 წლებში მოგების გადასახადის რეფორმის შემდეგ ბიზნესში განვითარებისათვის დაახლოებით 600 მლნ ლარი დარჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები