"სადეპუტატო კითხვებზე პასუხების დაგვიანება პრობლემაა" - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, დაგვიანებულ და უპასუხო სადეპუტატო კითხვებთან დაკავშირებულ კრიტიკას, რომელიც ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატმა გამოხატა.
პაპუაშვილის თქმით, ამჟამინდელი პრემიერიც იზიარებს, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს.
"დიახ, სადეპუტატო კითხვებზე დაგვიანებული პასუხი არის პრობლემა. არ შევალ დისკუსიაში, კონსტიტუციური, არაკონსტიტუციური და ა.შ, მაგრამ ნამდვილად არის პრობლემური. მე პირადად ვუყურებ სტატისტიკას. მინდა გითხრათ, რომ ამჟამინდელი პრემიერიც იზიარებს ამ პოზიციებს. მე გითხარით, რომ ხშირად არის ტექნიკური ხასიათის კითხვები, რომელიც უფრო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა. მათ შორის, პრობლემაა ისიც, რამდენად ანგარიშვალდებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ. თუმცა, ამ მხრივ, ჩათვალეთ, რომ სრული თანამოაზრე გყავთ ჩემი და პრემიერ-მინისტრის სახითაც.
შევხედოთ, როგორ გავაუმჯობესოთ ეს საკითხი. არ ვიცი, რა განზრახვები უნდა იყოს, რომ რაღაცას უპასუხო და რაღაცას არა. რამდენად პროცედურულია გარკვეული დაყოვნებები. ყოველ შემთხვევაში, სადეპუტატო კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი დროულად და სრულად. ამ მიმართულებით მკაცრად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. მიხარია, რომ როცა საპარლამენტო მუშაობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ერთადერთი პრობლემა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი პარლამენტში წლიურ მოხსენებას წარადგენს. კითხვა-პასუხის რეჟიმისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და უთხრა, რომ მთავრობა პატივს არ სცემს პარლამენტს, ვინაიდან სადეპუტატო კითხვებზე მინისტრები ხშირ შემთხვევაში არ პასუხობენ.
გოცირიძემ ის კითხვები ჩამოთვალა, რომლებზეც მინისტრებმა პასუხის ვადაც 100 დღეზე მეტით გადააცილეს.