2013-2018 წლებში, საფრანგეთში საქართველოს ელჩის ეკა სირაძე დელონეს შეფასებით, ევროპის ქვეყნებში, საქართველოს საელჩოებში არაფერი ხდება. „არავინ გველაპარაკება. ვის ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრი ან რა ქვეყნებს ხვდება?!“ - რიტორიკულ კითხვას სვამს ყოფილი დიპლომატი და წუხს, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს ევროპის სანდო პარტნიორად მიიჩნეოდა, სამწუხაროდ, დადებითი იმიჯი დაკარგა.
„საქართველოსთან მიმართებით, ყველაფერი გაყინულია. მართლა მინდა გაიგოს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა, რომ ეს არ არის კარგი; ძალიან ცუდია, როცა არავინ გელაპარაკება დემოკრატიული სამყაროდან, საითაც მივილტვოდით, რადგან ჩვენი ადგილი სწორედ განვითარებულ მსოფლიოშია“, - განაცხადა ეკა სირაძე დელონემ და იქვე დასძინა, რომ თუ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება, ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის.
- ევროპასთან უვიზო მიმოსვლა მარტივი მისაღწევი არ იყო. მერწმუნეთ, საფრანგეთი, გერმანია და ნილდერლანდები სერიოზულად ბლოკვადნენ [საქართველოს], მაგრამ ბევრი ვიმუშავეთ და გაკეთდა. 2018 წლის ჩათვლით, საქართველო ძალიან სერიოზულ ნიშნულზე იყო ასული ევროპასთან ურთიერთობაში და ეს ქართული დიპლომატების დამსახურებაც იყო, რომლებიც თავს არ ზოგავდნენ...
- 2013 წელს, როცა მოქმედი ელჩი იყავით, „ლიბერალთან“ ინტერვიუში ასეთი თქვით, რომ “საელჩო ქვეყნის ინტერესების დამცველია”... ვის სამსახურში არიან და ვის ინტერესებს იცავენ დღეს მოქმედი ქართველი დიპლომატები?
- ძალიან ცუდ დღეში მაგდებთ ამ კითხვით, რადგან ჩემს კოლეგებზე მიწევს საუბარი და რთულია... ერთგვაროვანი ინტერესები არ აქვთ და გააჩნია, რა მოტივით არიან იქ, სადაც არიან. მე უბრალოდ გაგახსენებთ, რომ არიან ელჩები, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ დატოვეს თანამდებობები, რადგან ჩათვალეს, რომ მათი მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა ყოფილიყო საქართველოს ინტერესი და არა კონკრეტული ერთი პოლიტიკური პარტია; ვფიქრობ, იმ გადაწყვეტილებით, რაც რამდენიმე დიპლომატმა მიიღო, ყველაფერი გასაგებია. ვიღაცას შეუძლია თვალი დახუჭოს რაღაცაზე, სხვას - არ შეუძლია, ეს პირადი ღირსების და ქვეყნის სიყვარულის საკითხია, თუმცა ისევ და ისევ ყველას თავისი ახსნა აქვს. არ ვარ ფსიქოლოგი და არ მინდა სიღრმეებში ჩავიდე, მაგრამ როცა მათ ინდივიდუალურად ვესაუბრებით, ისინი ამბობენ - „იცი, რა ვქნა, სხვა გამოსავალი არ მაქვს“ და ა.შ.; ვიღაცას მართლა სწამს [ქართული ოცნების] - არიან ჩემი ყოფილი კოლეგები, რომლებიც შავზე თეთრიაო, ძალიან დამაჯერებლად მიმტკიცებდნენ...
- ან იქნებ თავს აჯერებდნენ - ესეც ხომ ერთგვარი თავდაცვააა...
- არა. სწამთ. შეუძლებელია ასეთი თავდაჯარებეით მოატყუო სხვა, თუ შენ არ გჯერა... გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ სხვადასხვა მეთოდით მუშაობს, იმის მიხედვით, ვისზე რა მუშაობს.




























