„ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი მიიჩნევს, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისკენ გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის.
მან BMGTV-ის გადაცემა წერტილში სტუმრობისას თქვა, რომ ბაზრის დივერსიფიკაციისთვის არსებობს სახელმწიფო პროგრამები, თუმცა ამ ეტაპზე ისინი ნაკლებეფექტურია.
„პროგრამები, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს არის: „დანერგე მომავალი“, „აწარმოე საქართველოში“, „აგრო კრედიტი“ და სუბსიდირება - ეს კარგია, მაგრამ როგორც ჩანს ეს მოცულობები საკმარისი არ არის. ვფიქრობ, ამ მოცულობების ზრდა უნდა მოხდეს და ახალი პროექტების დანერგვა, რომლებიც უფრო მეტად იქნება ადაპტირებული ადგილობრივ შესაძლებლობებთან. ჩვენი ფერმერების შესაძლებლობები შეიძლება საერთოდ არ იყოს თანხვედრაში იმ პროგრამებთან, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გააჩნია და აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე ნაკლებ ეფექტს ვიღებთ“, - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
მან მაგალითად ისეთი მიმართულებები მოიყვანა, სადაც მუშაობა განსაკუთრებით საჭიროა.
„მაგალითად მოცვის, ნუშის, კაკლის მიმართულება კარგად მუშაობს, მაგრამ დანარჩენ მიმართულებებზე, განსაკუთრებით კი ბოსტნეულზე, ხელშესახები შედეგი არ გვაქვს. გარდა ამისა სასათბურე მეურნეობების ნაკლებობაა. შესანახი გადამამუშავებელი ხაზები და ახალი ტექნოლოგიების კუთხითაც უნდა მოხდეს ამ ყველაფრის შესწავლა. სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ამის შესწავლა სპეციალისტების დახმარებით უნდა მოახდინონ.უნდა მოხდეს უცხოელი ექსპერტების მოწვევა, იმ ქვეყნებიდან, სადაც ამის გამოცდილება აქვთ, მაგალითად ნიდერლანდები, ისრაელი და მათი გამოცდილება უნდა იყოს ჩვენ რეალობაზე მორგებული. ამის მიხედვით პროგრამების დაგეგმვა და შემდგომში განხორციელებაა შესაძლებელი.
ამ პროგრამებმა, რომლებიც წლების განმავლობაში არსებობდა გარკვეული დადებითი როლი შეასრულეს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მასზე ციფრებიც მეტყველებს. დიდი რაოდენობით შემოდის საქართველოში ისეთი პროდუქცია, რომელიც შესაძლებელია ადგილზე იყოს წარმოებული. ამისთვის გარკვეული პროექტები არ კმარა, დარგების გაძლიერება უნდა მოხდეს. მიწების ფრაგმენტაციის კუთხითაც მოცულობითი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ პირველ რიგში მეურნეობების გამსხვილება მოხდეს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ მიმართულებით, სახელმწიფოს შეუძლია გადასახადების კუთხით სტიმული მისცეს მეურნეობების გამსხვილებას, რაც მისი მოსაზრებით, ეკონომიკურად მომგებიანი იქნება.