საქართველო აგროპროდუქტის იმპორტზეა დამოკიდებული, გარდა ხილისა - ამის შესახებ Galt & Taggart-ის საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც საინვესტიციო კომპანიამ დარგის წარმომადგენლებს წარუდგინა.
მიმოხილვის მიხედვით, ხილის წარმოება 2016-22 წლებში წლიურად საშუალოდ 4.5%-ით გაიზარდა და 642.6 მლნ კგ შეადგინა. თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი კი 104% იყო. ამ შემთხვევაში წარმოებაში ისეთი კულტურებია წამყვანი, როგორიცაა ყურძენი, ატამი და ვაშლი. „აქედან ყურძენი ძირითადად ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში გამოიყენება, ხოლო ატამი და ვაშლი წამყვანი საექსპორტო პროდუქტებია. მზარდია ასევე ხილის იმპორტიც, რომელიც 2016-2022 წლებში გაორმაგდა და 91.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტის ზრდა ძირითადად იმ პროდუქტებზე მოდის, რომელსაც საქართველო არ აწარმოებს, მაგალითად ბანანი, ავოკადო და ტროპიკული ხილი“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.
რაც შეეხება მარცვლოვანი კულტურების წარმოებას გასულ წელს ქვეყანაში 370.5 მლნ კილოგრამი იწარმოა. მარცვლოვანი კულტურების თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 36.4%-ია. 2022 წელს ექსპორტზე მხოლოდ 9.7 მლნ კგ მარცვლეული გავიდა, რაც 2.5 მლნ დოლარის ღირებულების იყო. იმპორტირებული 658 მლნ კგ-ის ღირებულება კი 97 მლნ-მდე იყო.
ბოსტნეულის შემთხვევაში, სულ ქვეყანაში 333.1 მლნ კგ იწარმოა. თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი ამ შემთხვევაში 74.5%-ია. გასულ წელს ექსპორტზე 14.5 მლნ დოლარის ღირებულების 34.1 მლნ კგ ბოსტნეული გავიდა, ხოლო 47.5 მლნ დოლარის ღირებულების 150 მლნ კგ შემოვიდა.
ქვეყანაში ხორცის წარმოება ადგილობრივი მოთხოვნის მხოლოდ 49.9%-ს აკმაყოფილებს. მიმოხილვის მიხედვით შარშან 74.6 მლნ კილოგრამის ხორცი იწარმოა. ექსპორტზე მხოლოდ 45.8 მლნ დოლარის ღირებულების 26.2 მლნ კგ მიიმართა, ხოლო 162.1 მლნ დოლარის 101.1 მლნ კგ შევიძინეთ.
მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან მხოლოდ ხილის და ხორცის წარმოებაა მზარდი. წლების მიხედვით, ხილის, მარცვლოვნების, ბოსტნეულისა და ხორცის წარმოების დინამიკა ასე გამოიყურება: