მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა

639030feae75f
გიორგი თოლორდავა
07.12.22 10:26
1188
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება, კერძოდ, გასულ 24 საათში ნავთობის ფასი თითქმის 3%-ით შემცირდა და ბარელი Brent-ის ღირებულება 79 დოლარამდე დაეცა; WTI Crude-ის შეძენა კი 74 დოლარადაა შესაძლებელი.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, Urals-ის ფასი ბოლო სავაჭრო სესიაზე 7.5%-ით, 57-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა, ერთწლიან ჭრილში კი რუსული ნავთობის ბენჩმარკი 23%-ითაა გაუფასურებული.

დასავლურ ბირჟებზე ნავთობის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია აშშ-ის სტატისტიკის ფედერალური ბიუროს მიერ გასაჯაროებულ მონაცემებთან. როგორც ირკვევა, ქვეყანაში უმუშევრობის დონე კლებულობს, სერვისების მიწოდების ინდუსტრიული აქტივობა კი იზრდება. საქმე ისაა, რომ აღნიშნულ ინდიკატორებს ფედერალური რეზერვი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და მათი გაუმჯობესება FED-ს აძლევს იმის საშუალებას, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების სტრატეგია დაგეგმილზე მეტი ხნით გაახანგრძლივოს.

ინვესტორები და ტრეიდერები შიშობენ, რომ FED-ის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აშშ-ის ეკონომიკას მომავალ წელს რეცესიამდე მიიყვანს, საპროცენტო განაკვეთების ზრდა კი ბიზნესაქტივობის შემცირებას გამოიწვევს, რაც, საბოლოო ჯამში, საწვავზე მოთხოვნის შემცირებას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, რომელიც ნაკლებადაა დამოკიდებული FED-ის გადაწყვეტილებებზე, ამ შემთხვევაში მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები G7-ის მიერ დაწესებული ფასის ლიმიტი და EU-ს ემბარგოა. 5 დეკემბრიდან ევროკავშირის ბაზარზე საზღვაო გზით რუსული ნავთობის იმპორტი აიკრძალა, G7-ის წევრმა სახელმწიფოებმა კი ფასის 60-დოლარიანი ლიმიტი დააწესეს, შესაბამისად, რუსეთი დასავლურ ბაზარზე ნავთობს ამ ფასზე უფრო ძვირად ვეღარ გაყიდის.

დასავლური ბაზრების დაკარგვის შემდეგ, რუსეთს სავაჭრო პარტნიორებად ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი რჩება, რომლებიც ბარელ Urals-ში 60 დოლარზე გაცილებით უფრო იაფის გადახდას აპირებენ.
 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები