საქართველოში ინვესტიციის განსახორციელებლად, Globalize-ის გუნდი საერთაშორისო ინვესტორებსა და ვენჩერ-კაპიტალისტებს ქვეყნის საინვესტიციო კატალოგს სთავაზობს, - ამის შესახებ Globalize-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, სალომე კუკავამ „საქმიან საღამოში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ამჟამად Globalize-ს სამი ძირითადი მიმართულება აქვს: სტარტაპების ხელშეწყობა, ექსპორტიორების წარმოჩენა და საინვესტიციო კატალოგის შეთავაზება. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, სალომე კუკავას თქმით, Globalize-მა მოამზადა სპეციალური კატალოგი, რომელშიც საქართველოში არსებული საინვესტიციო ინდუსტრიები და სექტორებია ჩამოთვლილი.
„ინდუსტრიების მიხედვით შევქმენით საინვესტიციო კატალოგი, რომელიც ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს აერთიანებს. რეალურად, ამ კატალოგის შექმნის საჭიროება ინვესტორებთან შეხვედრისას დავინახეთ. საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები ხშირად გვეკითხებოდნენ, თუ რა საინვესტიციო შესაძლებლობები იყო საქართველოში ინდუსტრიული კუთხით. მათი დაინტერესება განსაკუთრებით მაღალია სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მიმართულებით. სწორედ ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად შევქმენით პლატფორმა, რომელიც ინვესტორებს საჭირო ინფორმაციას აწვდის“, - განაცხადა Globalize-ის დამფუძნებელმა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ 27 ოქტომბერს აშშ-ში, სილიკონის ველზე, Google Cloud-ის კამპუსში Globalize-ის მორიგი კონფერენცია გაიმართება, რომელიც ქართულ სტარტაპებსა და გლობალურ ინვესტორებს ერთმანეთთან დააკავშირებს.