დეკემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 4.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ნოემბერში რეზერვები 251 მილიონი დოლარით, წინა წელთან შედარებით კი 700 მილიონით არის გაზრდილი. გაზრდილი სავალუტო რეზერვების შესახებ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შევსებით სწორი პოლიტიკა გაატარა.
2022 წლის 10 თვეში სებ-მა ბაზრიდან 363 მილიონი დოლარი შეისყიდა და ამ გზით სავალუტო რეზერვები შეავსო. ლაშა ქავთარაძის თქმით, სებ-ის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმით ბაზარზე მეტი ლარის გაშვება მოხდა, რაც ინფლაციის შეკავების საწინააღმდეგო მიმართულებით მოქმედებს, თუმცა, მეორე მხრივ, სავალუტო რეზერვების შევსება ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი პარამეტრია.
“FDI-ის ნაკადი არის ის, რაც უწყობს ხელს რეზერვების დაგროვებას, ასევე ხელს უწყობს გზავნილები და ტურიზმის შემოსავალი, რათა ეროვნულმა ბანკმა დააგროვოს რეზერვები. 4.6 მილიარდი დოლარია რეზერვები, რაც წლიურ ჭრილში 18%-ით არის გაზრდილი. 10 თვის მონაცემი რაც გვაქვს, სებ-მა 363 მილიონი დოლარის ვალუტა შეისყიდა, როგორც ინტერვენციებით, ასევე Bmatch პლატფორმით. მოსალოდნელია, რომ წელს კარგი დაგროვება გვექნება მთლიანობაში.
როდესაც ვსაუბრობთ ინფლაციაზე, სებ-მა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა და შემოიღო სხვადასხვა ზომები. უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთ-ერთი გამანეიტრალებელი ამ მაკრო-პრუდენციული ზომებისა, არის ბაზარზე ვალუტის შესყიდვა. 363 მილიონი დოლარი დაახლოებით ერთი მილიარდი ლარია და ეს ამ თანხის გაშვებას ნიშნავს.
ვფიქრობ, რომ საერთაშორისო რეზერვების დაგროვება არის სწორი ნაბიჯი. კიდევ უფრო მეტიც შეიძლებოდა რომ გაკეთებულიყო ამ მიმართულებით, რადგანაც 2022 წელი იქნება გამორჩეული ყველა წლისგან სავალუტო შემოდინებების თვალსაზრისით,”- განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.