მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო სერტიფიცირების როლი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის, ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფაში

ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა

დღესდღეობით, ქართული კომპანიებისთვის, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ისეთი პროდუქტისა და მომსახურების წარმოებაა, რომელიც ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

საერთაშორისო სერტიფიცირების მოპოვება ბიზნესს უამრავი შესაძლებლობისკენ უხსნის გზას, რაც გამარტივებულ ბიზნესპროცესებს, კანონმდებლობასა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობებს, რისკების მართვას, კომპანიის საერთაშორისო რეპუტაციისა და სანდოობის ზრდას და, რაც მთავარია, ახალი ბაზრების ათვისებას მოიცავს.

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია - ISO” გლობალურად აღიარებული ორგანიზაციაა, რომლის მიერ მინიჭებული სერტიფიკატიც ადასტურებს, რომ მწარმოებელი ხარისხისა და ეფექტურობის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. კომპანიის პროდუქტებსა და მარკეტინგულ მასალებზე ISO ლოგოს არსებობა კი მნიშვნელოვნად ზრდის მის სანდოობას და მომხმარებლებში ბრენდის რეპუტაციას აძლიერებს

ISO ორგანიზაციის მიერ წარმოებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს საქართველოში სულ 294 სერტიფიკატი გაიცა, საიდანაც ყველაზე მეტი - 176 - ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის დამადასტურებელი ISO 9001 იყო, ყველაზე ნაკლები - 3 - კი ISO/IEC 27001, ინფორმაციის უსაფრთხოების მართვისთვის გაიცა. რაც შეეხება სექტორებს, საერთაშორისო სტანდარტები 2021 წელს ყველაზე ხშირად ტრანსპორტირების, საკვების წარმოების, რიტეილ გაყიდვებისა და სამშენებლო სექტორებში დაინერგა

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, ზრდისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით, ტექნიკურ დახმარებას უწევს ოთხ მნიშვნელოვან სექტორს, რაც ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, სამუშაო უნარებში დახელოვნებას და საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობას მოიცავს. პროგრამის მხარდაჭერით, 13-მა ქართულმა კომპანიამ უკვე მოიპოვა საერთაშორისო სერტიფიკატი ან საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესშია.

„USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მხარს უჭერს კრეატიული ინდუსტრიების, მსუბუქი მრეწველობისა და გაზიარებული ინტელექტუალური სერვისების სექტორებში მომუშავე კომპანიებს, ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემების დანერგვასა და გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატების მოპოვებაში. ჩვენი ხელშეწყობით პროგრამის პრიორიტეტულ სექტორებში მოღვაწე 13-მა ბიზნესმა, უკვე მოიპოვა საერთაშორისო სერტიფიკატი, ან ამჟამად არის ხარისხის მართვის სხვადასხვა საერთაშორისო სისტემის დანერგვის პროცესში. სერტიფიცირება აღნიშნულ ბიზნესებს ეხმარება ახალ ბაზრებზე გასვლაში, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობებს“ - აღნიშნა ნათია ვეფხვაძემ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელმა

არსებობს მრავალი სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს, სპეციფიკაციებისა და სახელმძღვანელო წესებს მასალების, პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების მიზნობრივად გამოსაყენებლად. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ: ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემა - ISO 9001; გარემოს მართვის სისტემა - ISO 14001; შრომის უსაფრთხოების სისტემა - ISO 45001; ინფორმაციის უსაფრთხოების მართვის სისტემა - ISO/IEC 27001, EN 50618, IEC 62930:2017 და CE მარკირება - მოთხოვნის შესაბამისად, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა სწორედ ამ სისტემების დანერგვაში ეხმარება ბენეფიციარებს.

ქართული სტუდია POSTRED ერთ-ერთია იმ 13 კომპანიას შორის, რომლებსაც პროგრამა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და სერტიფიცირებაში ეხმარება. პროგრამის ხელშეწყობით სტუდიამ სანდო პარტნიორთა ქსელის (TPN) სერტიფიკატი მოიპოვა, რაც უსაფრთხოებისა და ხარისხის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს პოსტწარმოების ღირებულების ჯაჭვში. TPN საშუალებას აძლევს Post Red-ს კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში მაღალრეპუტაციული კომპანიის სახელი დაიმკვიდროს და მსოფლიოს ცნობილ გლობალურ სტუდიებთან ითანამშრომლოს.

"USAID-ის მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით MPAA Content Security Model-ის სამი მნიშვნელოვანი ასპექტის განხორციელება, რაც დაგვეხმარა გავმხდარიყავით სანდო პარტნიორების ქსელის წევრები, რომელიც ჰოლივუდის მთავარ სტუდიებს აერთიანებს" - თქვა ბესო კაჭარავამ, POSTRED- ის დამფუძნებელმა.

კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიაფაბრიკა 1900”-ია, რომელმაც შეძლო, თავისი ოპერატიული ეფექტურობა და წარმოების შესაძლებლობები Dr. Corr პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრაციის გზით გაეზარდა, რაც საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად ეფექტიანად მართოს ურთიერთდაკავშირებული პროცესები შეკვეთიდან გადაზიდვამდე.

ბიზნესპროცესების ეფექტიანი მართვისთვის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, კომპანიამ  შეიძინა გოფრირებული ინდუსტრიისთვის განკუთვნილი დაგეგმვისა და წარმოების მართვის გერმანული პროგრამა, რომელიც წარმოების ოპტიმიზაციის სხვადასხვა ალგორითმებს ავტომატურად გეგმავს და გვთავაზობს. ჩვენი კომპანიისთვის USAID-ის მიერ  გაწეული მხარდაჭერა - არამხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფა, არამედ წარმოებისათვის საჭირო აღჭურვილობა, ხელს უწყობს კომპანიას მოახდინოს საწარმოო ხაზების დივერსიფიკაცია, გააფართოოს წარმოება და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები” - ამბობს ნათია ბოლქვაძე, “ფაბრიკა 1900”-ის ფინანსური დირექტორი.

ასევე, კომპანიამპრაიმ ბეტონი”, პროგრამის მხარდაჭერით, წარმატებით დანერგა  ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემები (ISO 9001), გარემოსდაცვითი მართვის სისტემები (ISO 14001) და შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის სისტემები (ISO 45001).

“USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გრანტის ფარგლებში კომპანიაპრაიმ ბეტონში" დაინერგა სამი საერთაშორისო სტანდარტი, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, გააუმჯობესოს ეფექტიანობა, განაახლოს პროდუქტისა და მომსახურების ხარისხი, გაზარდოს შემოსავლები, შეამციროს ნარჩენების მართვის ხარჯები. გააძლიეროს საექსპორტო პოტენციალი და გაფართოვდეს ახალ ბაზრებზე. გაუმჯობესებული საოპერაციო ეფექტიანობის შედეგად, პრაიმ ბეტონის პროგნოზი ითვალისწინებს წლიური ხარჯების შემცირებას 2%-ით (დაახლოებით 600 000 ლარით) და წლიური გაყიდვების გაზრდას მინიმუმ 5%-ით (დაახლოებით 2.მლნ. ლარით)”, - აცხადებსპრაიმ ბეტონისდირექტორი, ალექსანდრე სოკოლოვსკი.

საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელი საქართველოში - Nexia Georgia - მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) დანერგვით. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, კომპანია წარმატებით ნერგავს ISO/IEC 27001 სტანდარტს.

კომპანია Nexia Georgia-ში USAID პროექტის ფარგლებში “ISO 27001– Information security, cybersecurity and privacy protection” სერტიფიცირებისათვის მზადება მიმდინარეობს. აღნიშნული სერტიფიკატი მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესპროცესების უწყვეტობისთვის, ასევე, კომპანიის საიმედოობისა და იმიჯის ამაღლებისთვის. ეს არის საერთაშორისო გამოცდილება, რომლითაც ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჩვენთან არსებული ინფორმაციული აქტივები არის დაცული და უსაფრთხო”, - აღნიშნავს სალომე ბადაგაძე, Nexia Solutions-ის ბიზნეს-ანალიტიკოსი

საერთაშორისო სტანდარტის დანერგვისთვის კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა სერტიფიცირების პროცესი წარმატებით დასრულდეს. პირველი ასეთი გადაწყვეტილება სათანადო სტანდარტის შერჩევას ეხება. დღესდღეობით სულ 22 000-ზე მეტი სტანდარტი არსებობს, თუმცა მათგან გარკვეული რაოდენობა უფრო მეტად ერგება კონკრეტული ბიზნესის ოპერირებას, ვიდრე სხვები. კომპანიის ეფექტიანად მართვის მიზნით, სასურველი ISO სტანდარტის დასანერგად აუცილებელია არსებული მდგომარეობის ანალიზი (GAP ანალიზი) რაც კომპანიის მენეჯმენტს საშუალებას აძლევს დაადგინოს სხვაობა/შეუსაბამობა კომპანიაში არსებულ მართვის სისტემასა და  კონკრეტული ISO საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შორის. ანალიზის საფუძველზე კომპანია ახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გარე აუდიტის შემოწმების შემდეგ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მას ISO სერტიფიკატი მენიჭება. თუმცა ეს დასასრული არ არის. სერტიფიცირებულ კომპანიებს წელიწადში ერთხელ გეგმური აუდიტი უტარდებათ, სამ წელიწადში ერთხელ კი რესერტიფიცირებაა საჭირო

თითოეული კომპანია, რომელსაც საერთაშორისო სერტიფიცირება უკვე მოპოვებული აქვს, თამამად აღნიშნავს, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ეხმარება კერძო ბიზნესებს, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით, კომპანიის საქმიანობა გააუმჯობესონ. სერტიფიცირება კომპანიას საშუალებას აძლევს, ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასთან ერთად, გაზარდოს შემოსავლები და გააძლიეროს საექსპორტო პოტენციალი. ნებისმიერ კომპანიისათვის სერტიფიცირების მოპოვება დამოუკიდებლადაც შესაძლებელი და მიღწევადია, თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს არაერთი სირთულის გადალახვა უწევს საერთაშორისო სისტემების დანერგვის პროცესში, ეს შეეხება როგორც ფინანსურ მხარეს (თითოეული ISO სტანდარტის დანერგვისა და სერტიფიცირების ღირებულება დაახლოებით 3 000 ევროა), ისე სათანადო კვალიფიკაციის კონსულტანტების მოძიებას, ამ სფეროში ცოდნის მიღებასა და შესაბამის ტრენინგებზე წვდომას, რეპუტაციულ საერთაშორისო მასერტიფიცირებელ ორგანოებთან დაკავშირებას და მათი მომსახურების შესყიდვას. აქედან გამომდინარე, ფასდაუდებელია ის დახმარება, რასაც USAID-ის მსგავსი პროგრამები უწევენ საქართველოში მომუშავე არაერთ ბიზნესსა და ორგანიზაციას.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისთვის მესამე (ანუ არაწევრ) ქვეყნებთან ვაჭრობისას პრიორიტეტული მათი მოქალაქეების ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვაა, რისთვისაც ბლოკი სამრეწველო თუ სასურსათო პროდუქციის იმპორტისთვისევროსტანდარტებსაწესებს, რაშიც სწორედ საერთაშორისო სერტიფიცირება მოიაზრება. მართალია, არ არსებობს კონკრეტული კანონი, რომელიც ISO სერტიფიკატს სავალდებულო დოკუმენტად აქცევს, თუმცა ცნობილია, რომ ევროკავშირში ზოგიერთი სექტორის წარმომადგენელი მომწოდებელთან თანამშრომლობისგან თავს იკავებს, თუ მას სერტიფიცირება გავლილი არ აქვს.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირება არა მხოლოდ ცალკეული ბიზნესებისთვის ხსნის განვითარების გზას, არამედ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საექსპორტო პოტენციალსაც ზრდის, რაც საბოლოოდ, ეკონომიკურ მდგრადობაზეც აისახება. საქართველო ყოველწლიურად უფრო უახლოვდება ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების პრიორიტეტად ქცევას, თუმცა საერთაშორისო სერტიფიცირების აუცილებლობად ქცევამდე ქვეყანას ხანგრძლივი გზა აქვს გასავლელი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები